სხვა

13:12 | 13.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი დადებით ბალანსზე გავიდა (+VIDEO)

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელსაც ტოჩინოშინის შიკონათი ვიცნობთ, ფუკუოკაში მიმდინარე ნოემბრის სუპერტურნირზე მე-2 გამარჯვება იზეიმა.

კიუშიუ ბაშოს მე-3 დღეს დასავლეთის მე-2 ოძეკის წოდების მქონე ქართველი გოლიათი აღმოსავლეთის პირველ მაეგაშირა მიოგირიუს გაეჯიბრა და არცთუ იოლ ჭიდილში ჰატაკიკომით დაჯაბნა.
ამგვარად, პირველად მიმდინარე შეჯიბრზე, ტოჩინოშინი დადებით ბალანსზე გავიდა და იმედია, წარმატებულ სვლას განაგრძობს, მითუმეტეს, რომ ჩვენებურს “იმპერატორის თასის” მოპოვების ლამის იდეალური შანსი გააჩნია.
შეგახსენებთ, რომ კიუშიუ ბაშოზე ტრავმის გამო, 2 მონღოლი იოკოძუნა – ჰაკუჰო და კაკურიუ ვერ ასპარეზობს, იაპონელი იოკოძუნა კისენოსატო კი ტურნირს ცუდ ფორმაში შეხვდა და 3 დღის თავზე 3 მარცხი გააჩნია (დღეს, დასავლეთის პირველ მაეგაშირა ჰოკუტოფუჯისთან ცუკიოტოშით წააგო).
ამ დროისთვის, მაქსიმალური შედეგი მხოლოდ ოთხ სეკიტორს აქვს: ესენი ოძეკი ტაკაიასუ, კომუსუბი ტაკაკეიშო, აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა ტოჩიოძანი და აღმოსავლეთისვე მე-10 მაეგაშირა სადანოუმი არიან.
ხვალ, ტოჩინოშინს ბრაზილიელ კომუსუბი კაისეისთან დაპირისპირება ელის, რომელმაც ნოემბრის ბაშოს 2 სასტარტო დღე ტრავმის გამო გამოტოვა, დღეს კი, დოჰიოზე გამოჩნდა და ოძეკი ტაკაიასუსთან უშანსოდ – ჰატაკიკომით წაააგო. ქართველი სუმოისტი ბრაზილიელს 17-ჯერ შეხვედრია და 10 ბრძოლა მოგებული აქვს.
რანგით მე-3 დივიზიონ მაკუშიტაში თანაბარ ბალანზე (1-1) გასვლა მოახერხა თეიმურაზ ჯუღელმა იგივე გაგამარუმ. დღეს, მან ტოიოჰიბიკი იორიკირით დაჯაბნა და მასთან ურთიერთშეხვედრებში თანაფარდობა (10-10) აღადგინა.

ვიდეო: სპორტმიამბე

0.114041