ATP-ს ოფიციალურმა საიტმა 2018 წლის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა. დიდად არავის გაკვირვებია, რომ ეს სწორედ მარიან ვაიდა გახდა, რომელიც ნოვაკ ჯოკოვიჩის დამრიგებელია.
საუკეთესოები გამოკითხვის შედეგად გამოვლინდნენ, რომელიც მამაკაცთა საჩოგბურთო ასოციაციის საიტზე 1 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. საინტერესოა, რომ წლის 5 საუკეთესო მწვრთნელს შორის ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის დამრიგებელი იან დე ვიტიც მოხვდა.
გარდა იან დე ვიტისა, სიაში რაფაელ ნადალის მწვრთნელი კარლოს მოია, ხუან მარტინ დელ პოტროს მწვრთნელი სებასტიან პრიეტო და ასევე მარკო ჩეკინატოს დამრიგებელი სიმონე ვაგონცი მოხვდნენ.