იაპონიის სუმოს ასოციაციამ მოახლოებული კიუშიუ ბაშოს საწყისი დღეების განრიგი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ქართველი სეკივაკე ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი პირველ ორთაბრძოლას ტამავაშისთან გამართავს.
შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი ნოემბრის სუპერტურნირზე დასავლეთის მე-2 ოძეკის წოდებით გაირჯება, მონღოლი ტამავაში კი აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირაა, ამდენად, შო-ნიჩის (ბაშოს სასტარტო დღე) ჩვენებური ფავორიტის რანგში ხვდება.
ლევანი მონღოლს, რომელიც მომავალ კვირას 34 წლის ხდება, 24-ჯერ დაპირისპირებია და აქტივში 16 გამარჯვება აქვს.
ცნობილია ისიც, რომ კიუშიუ ბაშოს მე-2 დღეს ქართველი გოლიათი აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირა ნიშიკიგის გაეჯიბრება, რომელიც სამიდან ორ შეხვედრაში ჰყავს დამარცხებული.
კიუშიუ ბაშოს რანგით მე-3 დივიზიონ მაკუშიტაში ხვდება გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი, თუმცა, პირველ შერკინებას ის მე-2 დივიზიონ ჯურიოში ჩაატარებს. კვირას, ქართველი სუმოისტის მეტოქე იაპონელი ტომოკაძე იქნება, რომელთანაც ჩვენებური გასულ ბაშოზე დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ მოახლოებულ შეჯიბრში მონაწილეობას ვერ მიიღებენ მონღოლი იოკოძუნები – ჰაკუჰო და კაკურიუ, ბოლო წამს კი ბაშოს ბრაზილიელი კომუსუბი კაისეიც გამოაკლდა. სხვა საქმეა, რომ თუკი ამ უკანასკნელმა მარცხენა ფეხის ტრავმა მოიშუშა, ტურნირს მოგვიანებით შეუერთდება.
შეგახსენებთ, რომ მომავალ სუპერტურნირს 11-25 ნოემბერს “ფუკუოკა კოკუსაი სენთერი” უმასპინძლებს.