ჩოგბურთი

11:07 | 9.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილის მწვრთნელი წლის ნომინანტთა შორის

ნიკოლოზ ბასილაშვილის დამრიგებელი იან დე ვიტი წლის საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაში მოხვდა და შესაძალოა, პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდეს.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილისა და გამოცდილი გერმანელი სპეციალისტის თანამშრომლობა წლეულს დაიწყო და მის ხელში ნიკოლოზმა უდიდესი პროგრესი განიცადა.
დე ვიტი სამწვრთნელო საქმიანობას 20 წელია ეწევა და არაერთ ცნობილ ჩოგბურთელთან უმუშავია. მათ შორის არიან სერბი ვიკტორ ტროიცკი, ფინელი იარკო ნიემინენი და ფრანგები ჟილ სიმონი და გაელ მონფილსი.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის დასაწყისში ბასილაშვილი მსოფლიოს 59-ე ჩოგანი გახლდათ და ატპ-ს რანგის ტურნირი არ ჰქონდა მოგებული, დე ვიტთან თანამშრომლობამ კი შთამბეჭდავი შედეგი მოიტანა.
წლის მე-2 ნახევარში ნიკოლოზმა 500-იანი კატეგორიის ორ შეჯიბრში (ჰამბურგსა და პეკინში) იმარჯვა და 1795 ქულით სეზონი მის კარიერაში საუკეთესო 21-ე ადგილზე დაასრულა.
ატპ-ს ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, დე ვიტის გარდა, წლის საუკეთესო მწვრთნელის ნომინანტთა ხუთეულში კარლოს მოია (რაფაელ ნადალის დამრიგებელი), სებასტიან პრიეტო (ხუან მარტინ დელ პოტრო), სიმონე ვანოცი (მარკო ჩეკინატო) და მარიან ვაიდა (ნოვაკ ჯოკოვიჩი) მოხვდნენ.
გამარჯვებულის ვინაობა წლის შემაჯამაბელი ტურნირის სტარტამდე გამოცხადდება, რომელიც 11-18 ნოემბერს ლონდონში გახლავთ დაგეგმილი.
ვთქვათ ისიც, რომ ატპ წლის საუკეთესო მწვრთნელს მხოლოდ მე-3 წელია აჯილდოვებს. 2016 წელს ტიტული შვეიცარიელი სტენ ვავრინკას მოძღვარ მაგნუს ნორმანს (შვედეთი) ერგო, 2017-ში კი – სამხრეთაფრიკელი კევინ ანდერსონის თანამემამულე ნევილ გოდვინს.

0.146301