გოგა ბითაძის შთამბეჭდავი სლემდანქი ადრიატიკის ლიგის მე-6 ტურის საუკეთესო მომენტების ხუთეულში მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ გასულ უქმეებზე ბითაძის “მეგა ბემაქსი” სერბულსავე “პარტიზანს” დაუხვდა და სეზონის პირველი მარცხი (74:81) განიცადა, გოგამ კი 32:14 წუთში 28 ქულა, 11 მოხსნა (3 შეტევაში), 1 პასი, 1 ჩაჭრა და 4 დაფარება მოაგროვა.
ბითაძე ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და ათივე (!) ორქულიანი და 12-დან 8 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 8-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 43-ს (!) გაუტოლდა და ეს მაჩვენებელი გასულ ტურში ვერავინ გადაფარა.
ადრიატიკის ლიგის მიერ გამოქვეყნებულ ხუთეულში გოგას წარმატებული შეტევა მე-3 ადგილზეა, მის გარდა კი, ვიდეოში ალეკსა ილიჩი (“ბუდუჩნოსტი”), დრაგან აპიჩი (ფმპ), ჯოკ ლინდეილი (“პარტიზანი”) და იონდრე ჯეფერსონი (“ციბონა”) მოხვდნენ.
შეგახსენებთ, რომ “მეგა ბემაქსი” 5 მოგებითა და 1 მარცხით სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი დღეს, 9 ნოემბერს, ხორვატიაში “ზადართან” ჩაატარებს.