სხვა

23:30 | 7.11.2018 | ნანახია 369 - ჯერ

ქართველთა მოცეკვავე წყვილის მორიგი გამარჯვება

4-დან 7 ნოემბრის ჩათვლით ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართა ყოველწლიური საერთაშორისო ტურნირი ფიგურულ ციგურაობაში, სადაც მონაწილეობდა 25 ქვეყნის ორასამდე სპორტსმენი სენიორების, იუნიორების, ნოვისებისა და შუალედური ნოვისების კატეგორიაში.

ტურნირის მიზანი მოციგურავეებისათვის სარეიტინგო ტექნიკური ქულების დაგროვება და მსოფლიო რეიტინგში წამყვანი პოზიციების დაკავება იყო, ამიტომაც ტურნირი საკმაოდ წარმომადგენლობითი გამოდგა.
საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, “ვოლვო ოუფენ ქაფის” 37-ე გათამაშებაში იუნიორთა კატეგორიაში სპორტული ცეკვების სეგმენტში მონაწილეობდა ახალგაზრდა ქართველი წყვილი მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას შემადგენლობით.
მათთვის ჩეხეთისა და სომხეთის გრან პრის ეტაპებზე წარმატებული სტარტისა და ვერცხლის მედლების შემდეგ, ეს მორიგი სერიოზული სტარტი იყო. ქართველ მოციგურავეებთან ერთად თასის გათამაშებაში მონაწილეობდა 15 ქვეყნის 24 მოციგურავე წყვილი და მათ შორის, საკმაოდ გამოცდილი დუეტები რუსეთიდან, იტალიიდან, უკრაინიდან, საფრანგეთიდანა და ინგლისიდან.
ქართულმა წყვილმა საკმაოდ დამაჯერებლად იასპარეზა რიტმულ ცეკვებში, სადაც პირველი ადგილი დაიმსახურა და ეს შედეგი კიდევ უფრო დამაჯერებელი გახადა თავისუფალ პროგრამაში საინტერესოდ წარმოდგენილი პროგრამითა და ტექნიკურად რთული ელემენტების ხარისხიანად შესრულებით.
შედეგად, მარია კაზაკოვა და გიორგი რევია ორივე პროგრამის საერთო ჯამური 167.30 ქულით პირველი ადგილისა და “ვოლვო ოუფენ ქაფის” მფლობელები გახდნენ.
ქართველი მოცეკვავე წყვილის ეს მორიგი გამარჯვება კიდევ ერთი დასტურია ახალ სეზონზე მათი გამარჯვებისაკენ მიზანსწრაფულობისა და ამავდროულად სერიოზული განაცხადია მომდევნო საერთაშორისო სტარტებზე მაღალ კონკურენტუნარიან წყვილებს შორის ღირსეული ადგილის დამკვიდრებისათვის.
რიგაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე სპორტულ ცეკვებში მოციგურავეთა გამოსვლებს ექვს საერთაშორისო კატეგორიის მსაჯთან ერთად მსაჯობდა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი საქართველოდან სალომე ჩიგოგიძე.
ქართული წყვილის მომდევნო საერთაშორისო სტარტი გრან-პრის ფინალია, რომელიც 6-9 დეკემბერს კანადის ქალაქ ვანკუვერში გაიმართება. კაზაკოვასა და რევიას პირველად ექნებათ საშუალება წარადგინონ საქართველო ისეთი მაღალი რანგის საერთაშორისო ტურნირზე, როგორიც გრან პრის ფინალი გახლავთ.

Loading...

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
08:22 | 08.11.2018
shalvinio (1470)

წარმატებები.

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.069369