ფეხბურთი

23:00 | 7.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქალთა ეროვნული ნაკრების ღია ვარჯიში

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები თურქეთთან გასამართი ორი ამხანაგური მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. ლევან ბაჯელიძის გუნდი შეკრებაზე 2 ნოემბრიდან იმყოფება და მომავალი შეხვედრებისთვის 20 ფეხბურთელით ემზადება. 7 ნოემბერს, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი ამხანაგური თამაშის წინ ბოლო ვარჯიში გამართა. საწვრთნელი პროცესი ერთ საათს გაგრძელდა. ამ ეტაპზე შეკრებაზე მყოფი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და მომავალი შეხვედრებისთვის სრული დატვირთვით ემზადება.

დღევანდელი ვარჯიშის წინ ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან ბაჯელიძემ და ფეხბურთელმა, ტატა მატვეევამ მედიის წარმომადგენლებთან გუნდის მზადების შესახებ კომენტარი გააკეთეს.

ლევან ბაჯელიძე: „დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ ეროვნული ნაკრები შეიკრიბა. ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე 2019 წლის გაზაფხულიდან ჩაებმება და ამისთვის მზადებას სწორედ ამ შეკრებით ვიწყებთ. თურქეთის საკმაოდ ძლიერ ნაკრებთან დავგეგმეთ ორი ამხანაგური მატჩი. გუნდში კარგი განწყობაა, რამდენიმე ფეხბურთელს მიკროტრავმა აწუხებს, მაგრამ სამედიცინო შტაბი ყველაფერს აკეთებს, რომ ეს მოთამაშეები ამხანაგური მატჩებისთვის სრულ მზადყოფნაში იყვნენ. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადების პროცესში ჩვენი გუნდი კიდევ რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს“

ტატა მატვეევა: „ჩემი და ზოგადად ნაკრების განწყობა ძალიან კარგია. ამხანაგური მატჩებისთვის ვემზადებით და იმედი მაქვს, რომ ამ განწყობას მოედანზე გადავიტანთ. რაც შეეხება ჩემს ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებას, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ტრავმა მქონდა და ამიტომ ვერ ვახერხებდი გუნდი დახმარებას. ახლა ყველაფერი გამოსწორდა, კარგ ფორმაში ვარ და იმედი მაქვს ნაკრებს დავეხმარები.“

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: თეონა სუხაშვილი (ერეგლი ბელედიესპორი, თურქეთი), თათია გაბუნია (ლანჩხუთი), თამარ ნადირაშვილი.

მცველები: თამარ ქველიძე (კარლსრუე, გერმანია), თამარ ტატუაშვილი (ჰაკარიგუჯუ სპორი, თურქეთი), ნინო ჩხარტიშვილი ( ლანჩხუთი), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), ანა ზაქაიძე (ნიკე, თბილისი), ნათია სხირტლაძე (ნიკე, თბილისი), ნინო სუთიძე.

ნახევარმცველები: თეონა ბაქრაძე (ჰაკარიგუჯუ სპორი, თურქეთი), თამარ დოლიძე (დინამო, ბათუმი), ნინო პასიკაშვილი (ნიკე, თბილისი), თეონა თოდაძე (ნიკე, თბილისი), მარიამ დანელია (ლანჩხუთი), ტატა მატვეევა (სანდვიკენი, ნორვეგია), თამთა შენგელია (მართვე, ქუთაისი).

თავდამსხმელები: ხატია ჭყონია (ქონაქი ბელედიესპორი, თურქეთი), ლელა ჭიჭინაძე (იედნისტი, უკრაინა), ნათელა წოწერია (ლანჩხუთი).

საქართველოსა და თურქეთს ეროვნულ ნაკრებთა ამხანაგური დაპირისპირება 8 და 11 ნოემბერს სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე გაიმართება. ორივე შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება.

www.gff.ge

0.114139