რუსი მილიარდერი, დმიტრი რიბოლოვლიოვი, რომელიც საფეხბურთო კლუბ „მონაკოს“ მფლობელიცაა, დააკავეს და დააპატიმრეს - წერს ფრანგული გაზეთი Le Monde. 51 წლის ბიზნესმენის სახლში ჩხრეკაც ჩატარდა.
მონაკოს პოლიციის ინფორმაციით, რიბოლოვლიოვი კორუფციასა და ფინანსურ მაქინაციებშია ეჭვმიტანილი. მათ შორის, საფეხბურთო კლუბში წესების დარღვევით ჩადებული ფულის გამო.
რიბოლოვლიოვი მონაკოს სათავადოს პროკურატურის მოთხოვნით დააკავეს.
რიბოლოვლიოვმა „მონაკო“ 2011 წლის დეკემბერში შეიძინა. 2016/17 წლების სეზონში გუნდი საფრანგეთის ჩემპიონი გახდა და მერე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე მიაღწია. მაგრამ ამჟამად ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. საფრანგეთის ლიგა 1-ში ბოლოსწინა მე-19 ადგილზეა. წუხელ კი ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფის მატჩში, შინ „ბრიუგესთან“ 0:4 დამარცხდა და ერთადერთი ქულით ცხრილის ფსკერზეა.