სხვა

20:53 | 6.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

რეზი დავითაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია!

20 წლის ქართველმა ძალოსანმა რევაზ დავითაძემ (89 კგ.) მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ნამდვილი სენსაცია მოახდინა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

შეგახსენებთ, რომ დავითაძე ორიოდ კვირის წინ ახალგაზრდული ევროპის პირველობა მოიგო, ახლა კი, მაშინდელ მონაგარს ჯამურად 10 კგ. წაამატა და კვარცხლბეკზე ასვლა მოახერხა.
თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში მიმდინარე ტურნირზე რევაზმა ატაცში 163 კგ. დასძლია, 167 კგ-ს ვერ გაუმკლავდა, სამაგიეროდ, 168 კგ. დაიმორჩილა და მე-4 ადგილზე გავიდა.
ქართველმა ძალოსანმა აკვრაში 194 კილოგრამიანი შტანგა მხოლოდ მე-2 ცდაზე დასძლია, მე-3 მისვლაზე კი 203 კგ-ს გაუკლავდა და ამ მოძრაობაში მე-5 იყო. საინტერესოა, რომ ორივე შემთხვევაში, ჩვენებური იუნიორთა შორის მსოფლიო რეკორდის მფლობელი გახდა.
საერთო ჯამში, დავითაძემ თავი 371 კგ-ს მოუყარა და ოქროს მედლის მფლობელ – რუს არტიომ ოკულოვს მხოლოდ 1 კგ-ით ჩამორჩა, მე-2 პოზიციაზე გასულმა ბელარუსმა პაველ ხადასევიჩმა კი, რეზის დარად, 371 კგ, მოაგროვა, თუმცა, ქართველს იმის წყალობით აჯობა, რომ აღნიშნული მაჩვენებელი პირველმა დააფიქსირა.
ამგვარად, ქართულმა დელეგაციამ აშხაბადში პირველი მედალი მიითვალა, თუმცა, ნათელია, რომ გიორგი ასანიძის შეგირდთა მონაგარი აუცილებლად გაიზრდება. ქართველ ძალოსანთა განრიგი (თბილისის დროით) ასე გამოიყურება:
7 ნოემბერი, 16:25 საათი – ანტონ პლესნოი 96 კგ.
8 ნოემბერი, 18:55 საათი – ირაკლი ჩხეიძე 102 კგ.
10 ნოემბერი, 16:25 საათი – ირაკლი თურმანიძე +109 კგ.
10 ნოემბერი, 16:25 საათი – ლაშა ტალახაძე +109 კგ.

0.147383