სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

15:05 | 6.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძე ტურის საუკეთესო მექულეა

სერბული “მეგა ბემაქსის” 19 წლის ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე ადრიატიკის ლიგის მე-6 ტურის საუკეთესო მექულე გახდა.

შეგახსენებთ, რომ გასულ უქმეებზე “მეგა ბემაქსი” სერბულსავე “პარტიზანს” დაუხვდა და პირველი მარცხი (74:81) განიცადა, გოგამ კი 32:14 წუთში 28 ქულა, 11 მოხსნა (3 შეტევაში), 1 პასი, 1 ჩაჭრა და 4 დაფარება მოაგროვა.
ბითაძე ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და ათივე (!) ორქულიანი და 12-დან 8 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 8-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 43-ს (!) გაუტოლდა და ლოგიკურად, ის ტურის უძვირფასესი მოთამაშეც (MVP) უნდა გამხდარიყო, თუმცა, მისი კლუბის მარცხის გამო, ეს არ მოხდა.
ადრიატიკის ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ტურის საუკეთესო კალათბურთელად ხიორვატული “ზადარის” მცველი ლუკა ბოჟიჩი აღიარა, რომელმაც სლოვენიურ “კრკასთან” სტუმრად მოგებულ (78:77) შეხვედრაში შეუცვლელად (!) ითამაშა და 18 ქულა, 9 მოხსნა და 3 ჩაჭრა (სარგებლიანობის კოეფიციენტი 33) მოაგროვა.
საინტერესოა, რომ მომდევნო ტურში, 9 ნოემბერს, “მეგა ბემაქსი” სწორედ “ზადარს” ესტუმრება, შესაბამისად, ბითაძე და ბოჟიჩი ერთმანეთის პირისპირ დადგებიან.
აქვე ვთქვათ, რომ ამ დროისთვის გოგას საშუალო მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 29:00 წუთი, 20.8 ქულა, 9.5 მოხსნა, 1.5 პასი, 0.5 ჩაჭრა, 2.3 დაფარება, სარგებლიანობის კოეფიციენტი – 27.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.117827