ფეხბურთი

2:05 | 5.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

რომანი(გ)ოლი!

იტალიის სერია A-ს მე-11 ტურში „მილანმა“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა და ოთხეულში ადგილი შეინარჩუნა.

„როსონერის“ უმძიმესი წუთები გადახდა უდინეში, სადაც ადგილობრივი „უდინეზე“ არაფერს უთმობდა მეტოქეს. 90 წუთი ისე მიილია, რომ გოლი არ გასულა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე გუნდს არაერთი მომენტი ჰქონდა, ჯანლუიჯი დონარუმა და მისი ვიზავი ხუან მუსო უშეცდომოდ მოქმედებდნენ. განსაკუთრებით ეს უკანასკნელი, რომელმაც არაერთხელ იხსნა თავისი გუნდი გაშვებული გოლისგან, თუმცა ვერ იხსნა 97-ე წუთზე...

ზაფხულში ლეონარდო ბონუჩის გუნდიდან წასვლის შემდეგ „მილანის“ ხელმძღვანელობამ ალესიო რომანიოლის დიდი ნდობა გამოუცხადა და კაპიტნის სამკლავურიც ჩააბარა. მიუხედავად იმისა, რომ ის მხოლოდ 24 წლისაა, ეს ხელს არ უშლის, რომ ლომბარდიელთა ლიდერი იყოს. ოთხი დღის წინ, „მილანმა“ სწორედ რომანიოლის წყალობით დაამარცხა „ჯენოა“, რომელმაც მსაჯის კომპენსირებულ დროში შეძლო თავის გამოჩენა.

ახლაც, ასე მოხდა - ალესიო ისევ გმირია. მსაჯმა მატჩს 5 წუთი დაამატა და მეოთხე დამატებულ წუთზე უხეშობისთვის მასპინძელთა ფეხბურთელის, ნიუტნიკის გაძევება მოუწია. შედეგად, თავისივე დამატებულ დროს კიდევ გადაამატა 1 წუთი. სწორედ ამ დროს გაიტანა „მილანმა“, რომელმაც ბურთი მოედნის ცენტრში მოიპოვა და სწრაფი კონტრშეტევა დაიწყო. კონტრშეტევა, რომელშიც „როსონერის“ 3 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ბურთი სუსოს ჩაუვარდა, დასარტყმელ პოზიციაში, ყველა ელოდა, რომ სწორედ ესპანელი გაისროდა კარისკენ, მაგრამ იქვე მდგომ კაპიტანს დაუგორა, რომელმაც ულამაზესი გოლი შეაგდო და თამაში მოიგო. თუმცა, გვერდითმა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა - ეპიზოდის დასაწყისში პატრიკ კუტრონე თამაშგარეში იყოო. მაგრამ ეპიზოდი ვიდეორეფერისთან გადამოწმდა და კუტრონეს თამაშის წესი არ დაურღვევია. შედეგად გოლიც ჩაითვალა. შედეგად, ალესიო რომანიოლიმ ზედიზედ მეორედ მოუტანა საკუთარ გუნდს სამი ქულა და ახლა „მილანის“ გულშემატკივრებისთვის მასზე ძვიფასი ფეხბურთელი არავინაა. ერთი ცუდი ამბავი მაინც მოხდა ამ მატჩში ლომბარდიელთათვის - პირველ ტაიმში ზურგის ტრავმა მიიღო გონსალო იგუაინმა და თამაში ვერ გააგრძელა. ჯერჯერობით უცნობია დაზიანების სიმძიმე, მაგრამ ერთ კვირაში „პიპიტას“ და „მილანს“ „იუვენტუსთან“ უწევთ მატჩი და დაბრუნება ვერ მოახერხა, დიდი დანაკლისი იქნება ჯენარო გატუზოს გუნდისთვის.

„მილანთან“ ერთად 21 ქულა აქვს რომის „ლაციოს“, რომელმაც მილანის „ინტერთან“ წინა ტურში განცდილი მტკივნეული მარცხი დაივიწყა. სიმონე ინძაგის გუნდმა საკუთარ კედლებში „სპალი“ გაანადგურა - 4:1. ჩირო იმმობილე კვლავ საუკეთესო იყო, რომელმაც დუბლი გაიფორმა და კრიშტიანუ რონალდუს ალბათ გაუწევს კონკურენციას ბომბარდირთა დავაში. ყოველშემთხვევაში, ამ ეტაპზე ასე ჩანს.

ვერონას „კიევომ“ მინუს ქულებს ვერაფრით დააღწია თავი. „მფრინავმა ვირებმა“ მორიგი მატჩი სახლში „სასუოლოსთან“ წააგეს. ისე, უცნაურია, „კიევოს“ თავკაცი ჯამპიერო ვენტურა გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა, არადა, შედეგები სხვა რამეზე მეტყველებენ.

სეზონის მატჩი ჩაატარა „ტორინომ“, რომელმაც სტუმრად „სამპდორია“ გაანადგურა. არადა, გენუელების, გენუაში ძლევა ადვილი საქმე არაა. მითუმეტეს, „ტორინოსთვის“. მიუხედვაად ამისა - 4:1. ანდრეა ბელოტიმ როგორც იქნა შეწყვიტა მშრალი სერია და დუბლი გაიფორმა. ბელოტის არ იყოს, ფერზე მოდის ბერგამოს „ატალანტაც“, რომელმაც „ბოლონია“ მისსავე მოედანზე დაამარცხა და ხასიათი გამოიკეთა.

„ლაციო“ – „სპალი“ 4:1 (2:1)

გოლები: 1:0 იმმობილე (26), 1:1 ანტენუჩი (28), 2:1 იმმობილე (35), 3:1 კატალდი (59), 4:1 პაროლო (70)

„კიევო“ – „სასუოლო“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 დი ფრანჩესკო (42), 0:2 ჯაკერინი (90, ა.გ)

„პარმა“ – „ფროზინონე“ 0:0 (0:0)

„სამპდორია“ – „ტორინო“ 1:4 (0:2)

გოლები: 0:1 ბელოტი (12), 0:2 ბელოტი (43, პენ), 0:3 იაგო ფალკე (56), 1:3 კვალიარელა (65), 1:4 იცო (78)

„ბოლონია“ – „ატალანტა“ 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 მბაიე (3), 1:1 მანჩინი (57), 1:2 ძაპატა (70)

„უდინეზე“ – „მილანი“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 რომანიოლი (90)

თეგებისერია A
0.132691