თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” ესპანეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში მე-6 გამარჯვება იზეიმა და სატურნირო ცხრილში “რეალთან” და “ბარსელონასთან” ერთად გალიდერდა, რომელთაც ამ უქმეებზე პირველად წაიფორხილეს.
ბასკონიელები შინაურ კედლებში ესპანური კალათბურთის ერთ-ერთ ლიდერ “ვალენსიას” დაუხვდნენ და გამარჯვება არ გასჭირვებიათ (77:56), შენგელია კი, უკვე ტრადიციულად, მასპინძელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო.
თოკომ მოედანზე 23:38 წუთი გაატარა და 14 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 8-დან 5 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა, ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა 18:18 წუთში 9 ქულა (ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 4 საჯარიმო) და 1 მოხსნა მიითვალა.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს ვეტერანი ბრაზილიელის მარსელინიო უერტასის გარჯაც, რომელმაც 10 ქულას 11 პასი წაამატა და ორმაგი დუბლი შეასრულა.
ცნობისთვის, ქართული პასპორტის მქონე კალათბურთელმა “ვალენსიას” მაისურითაც ითამაშა. უილ ტომასმა მოედანზე 18:23 წუთი გაატარა და 2 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
“ბასკონიას” ესპანურ ლიგაში მომდევნო მატჩი 11 ნოემბერს ელის, როდესაც გიორგი შერმადინისა და ბექა ბურჯანაძის ყოფილ კლუბ “მორაბანკ ანდორას” ესტუმრება.