ფეხბურთი

20:10 | 4.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

დრამატული ქართული კლასიკო

ქართული კლასიკო შედგა. ქუთაისში, „რამაზ შენგელიას“ სტადიონზე ეროვნული ლიგისთვის უჩვეულო ატმოსფერო იყო - სტადიონი პირთამდე არ გავსებულა, მაგრამ ბევრი ხალხი მივიდა და ეს სასიამოვნო სანახავი გახლდათ.

სამი დღის წინ, თბილისში, „ტორპედომ“ დაუძინებელ მტერს აჯობა და ახლაც იმერლები ამ იმედით შეიკრიბნენ ტრიბუნებზე. თამაში კი შესანიშნავი გამოდგა. პირველი ტაიმი იყო მოსაწყენი და გოლიც არ გასულა.

აი, მეორე 45 წუთში მოსაწყენად არავის ეცალა. თამაშის სურათი მთლიანად შეცვალა მათე ვაწაძემ. გამოცდილი ფორვარდი არ იყო ძირითად შემადგენლობაში და 58-ე წუთზე ჩაერთო თამაშში. ზუსტად ორ წუთში მათემ მამუკა კობახიძის უყურადღებო თამაშით ისარგებლა და ანგარიშიც გაიხსნა. „ტორპედომ“ დააპირა გათანაბრება, მაგრამ „დინამო“ თავს კარგად იცავდა და საპასუხოდ სახიფათო გადადიოდა კონტრშეტევებზეც. ლევან შენგელიამ გაიტანა ერთ-ერთ ასეთ ეპიზოდში, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა. არადა, ძნელია იმის თქმა, ვინ უფრო ახლოს იყო კართან - მცველი თუ შემტევი. ფაქტია გოლი გაუქმდა. მერე იყო აკაკი შულაიას დარტყმა, რომელმაც შენგელიას გარღვევა ვერ დაგვირგვინდა. 77-ე წუთზე კი მეორე გაიტანა „დინამომ“ ხარაბაძემ ითამაშა შესანიშნავად და კიდევ უფრო მაგრად ვაწაძემ, რომელმაც ახალგაზრდა მცველი ერთი შეხებით მეკარესთან პირისპირ გაიყვანა და მანაც გარჯა დაუფასა გამოცდილ თანაგუნდელს - 0:2.

თითქოს ყველაფერი გაირკა. „ტორპედოს“ მანამდეც და მერეც ჰქონდა ტერიტორიული უპირატესობა მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტებიც, მაგრამ ვერ ახერხებდა თამაშში გადრატეხის შეტანას და ნელ-ნელა ტრიბუნებზეც იკლო ხალხის რაოდენობამ. გულშემატკივრებმა ჩათვალეს, რომ მათი საყვარელი გუნდი შეხვედრას ვეღარ გადაარჩენდა და იმედგაცრუებულებმა დატოვეს არენა. ალბათ, ყველა მათგანი ნანობს მიღებულ გადაწყვეტილებას...

„ტორპედომ“ 88-ე წუთზე ერთი ბურთი გაქვითა. გრიგოლ დოლიძის სტანდარტულის შემდეგ მათე ცინცაძე მარტო დატოვეს და ყოფილმა დინამოელმაც თავით შეძლო მეტოქის კარის ბადის შერხევა. მსაჯმა 4 წუთი დაამატა. მეორე დამატებული წუთი მიმდინარეობდა, თორნიკე კაპანაძემ საჯარიმოს მისადგომებიდან პირველივე შესაძლებლობისთანავე რომ დაარტყა და სტეფან სიკაჩი დარტყმას ვერ გაუმკლავდა. ქუთათურები ზეიმს მიეცნენ და შეხვედრაც დასრულდა.

დრამატული მატჩი და ფრე - 2:2. ეჭვგარეშეა უფრო კმაყოფილი „ტორპედო“ უნდა იყოს, რომელმაც უიმედო თამაში გადაარჩინა და თანაც, 15-მატჩიანი წაუგებელი სერია გააგრძელა. აი, „დინამოს“ არ უნდა ჰქონდეს კმაყოფილების საბაბი. რაც მთავარია, კახი კაჭარავას გუნდი კიდევ უფრო ჩამორჩა საჩემპიონო რბოლაში კონკურენტს - „საბურთალო“ სეზონის დასრულებამდე 5 ტუით ადრე 7-ქულიან უპირატესობას ფლობს და ეს საკმაოდ სერიოზული ფორაა.

„ტორპედო“ – „დინამო“ 2:2 (0:0) VIDEO

ქუთაისი, „რამაზ შენგელია“

„ტორპედო“ (4-2-3-1): კვასხვაძე; გეგეჭკორი, კობახიძე, აზაცკი, მარინი; გიგაური (ჰლინკა 79), ცინცაძე; დაფე (ლაჩნი 68), კუხიანიძე (დოლიძე 58), ქიმაძე; კაპანაძე

მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

„დინამო“ (4-2-3-1): სიკაჩი; რუხაია, თოთაძე, კობოური, ხარაბაძე; შულაია, ივანისენია, ქოჩლაძე, კუცია (ივანიშვილი 77), შენგელია (ერგემლიძე 85); ზივზივაძე (ვაწაძე 58)

მწვრთნელი: კახი კაჭარავა

გოლები: 0:1 ვაწაძე (60), 0:2 ხარაბაძე (77), 1:2 ცინცაძე (88), 2:2 კაპანაძე (90)

გაფრთხილება: რუხაია (35), შენგელია (67), ვაწაძე (89)

მსაჯი: ჯენერი ხორავა

0.296871