ფეხბურთი

18:31 | 4.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"სამტრედიას" უძვირფასესი ქულები

საქართველოს ეროვნული ლიგის დასრულებამდე 5 ტურიღა დარჩა და „სამტრედიამ“ დიდი ნაბიჯი გადადგა პლეი-აუტში ადგილის დასაბევებლად. იმერლებს ამ ტურამდე არაფერი ჰქონდათ გარანტირებული და იყო შანსი, რომ ბოლო, მეათე ადგილი დაეკავებინათ, რაც ეროვნულ ლიგა 2-ში ავტომატურად გავარდნის მაუწყებელი იქნებოდა.

საქართველოს 2016 წლის ჩემპიონი 31-ე ტურში უშუალო კონკურენტ „კოლხეთს“ ფოთში, „პარკი არენაზე“ გაეჯიბრა. ამ შეხვედრას ნამდვილად ეთქმოდა 6-ქულიანი თამაში, რადგან მატჩამდე გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ 4 ქულა იყო. შესაბამისად, თუ ფოთელები გამარჯვებას შეძლებდნენ, მინიმუმამდე შემცირდებოდა ჩამორჩენა და დარჩენილ 5 ტურში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბებოდა.

„კოლხეთი“ მატჩს ცუდი, მოუგებელი სერიით შეხვდა, ხოლო „სამტრედია“ წინა ტურში „დინამოსთან“ (1:8) განადგურდა და კარგ ხასიათზეც ვერ იქნებოდა. თუმცა, ახლა იმერულმა გუნდმა განწყობა აშკარად გამოიკეთა და ალბათ არ ვიჩქარებთ, თუ ვიტყვით, რომ პლეი-აუტისთვის მზადება უკვე შეუძლია დაიწყოს.

მოიგო „სამტრედიამ“ და ერთადერთი გოლი 37-ე წუთზე გავიდა. ივან ფატიჩმა მარცხენა ფლანგზე ჩინებულად ითამაშა და ბრწყინვალე პასი გაუკეთა გიორგი ფანცულაიას, რომელიც მეკარესთან პირისპირ დატოვა. შემტევსაც ბევრი არ უფიქრია, შანსი გამოიყენა და როგორც გაირკვა, გამარჯვების, უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა.

ახლა ასეთი ვითარებაა: გიორგი დარასელიას გუნდს 21 ქულა აქვს და სამშვიდობო ზონამდე ჩამორჩენა 9 ქულაა. აი, ბოლო ადგილოსან „კოლხეთს“ კი უკვე 7 ქულით გაასწრო. შედეგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ „კოლხეთმა“ ეროვნული ლიგა 2-სკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, ხოლო „სამტრედიას“ შანსი პლეი-აუტში რჩება.

„კოლხეთი“ – „სამტრედია“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ფანცულაია (37)

0.115252