ავტოსპორტი

4:21 | 4.11.2018 | ნანახია 300 - ჯერ

ტურინგი ბოლო ეტაპზე დაბრუნდა

რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკზე, წრიულ რბოლებში საქართველოს 2018 წლის ჩემპიონატის ბოლო, მე-6 ეტაპის პირველი დღის სამი რბოლა, ფორმულა „ალფას“, ლეჯენდსის და ტურინგის აბსოლუტურ კლასებში გაიმართა. როგორც ყოველთვის, ყველა რბოლაში საინტერესო ბრძოლები გაიმართა. რაც მთავარია, კვლავ ჩატარდა რბოლა ტურინგის კლასში.

რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკზე, წრიულ რბოლებში საქართველოს 2018 წლის ჩემპიონატის ბოლო, მე-6 ეტაპის პირველი დღის სამი რბოლა, ფორმულა „ალფას“, ლეჯენდსის და ტურინგის აბსოლუტურ კლასებში გაიმართა. როგორც ყოველთვის, ყველა რბოლაში საინტერესო ბრძოლები გაიმართა. რაც მთავარია, კვლავ ჩატარდა რბოლა ტურინგის კლასში.

სეზონის ბოლო ეტაპის პირველი დღე, ლეგენდების რბოლამ გახსნა. სტარტზე ლატვიელი ჰარალდ შლეგელმილხი დაწინაურდა, რომელსაც პირველი მოსახვევის შემდეგ, კვალში კონსტანტინე კოლიაშვილი ჩაუდგა. მისგან ოდნავ მოშორებით კი პოზიციები არჩილ ბიძინაშვილმა და შოთა აფხაზავამ დაიკავეს.

მალე მეორე პოზიციაზე ბიძინაშვილმა გადაინაცვლა, რომელმაც ერთხელ შლეგელმილხიც ჩამოიტოვა, მაგრამ ლატვიელმა მალე დაიბრუნა ლიდერობა. მეორეზე კი აფხაზავამ გადაინაცვლა. შუა რბოლაში, ლიდერთა რიგებს დათა ქაჯაიაც შეუერთდა. აფხაზავამ შლეგელმილხს გაასწრო და ცოტა ხანს პელოტონს სატავეში ედგა, თუმცა მისმა თანაგუნდელმა ამჯერადაც შეძლო წონასწორობის აღდგენა და აქედან მოყოლებული, წინ არავინ გაუშვა.

რბოლის დასრულებამდე 3 წრე იყო დარჩენილი, როცა 180-გრადუსიანი მოსახვევიდან გამოსვლისას, შეჯახება მოხდა აფხაზავასა და ქაჯაიას შორის, რომლებსაც შესაბამისად, მესამე და მეოთხე პოზიციები ეკავათ. უკნიდან მათ კიდევ ორი მანქანა შეეჯახათ. ინციდენტში მონაწილეთაგან, აფხაზავამ რბოლის გაგრძელება შეძლო, ქაჯაია იქვე გაჩერდა, ხოლო კოლიაშვილმა და ჯანკატ ჰურმოგლუმ მოგვინებით შეწყვიტეს ასპარეზობა.

ფინიშთან პელოტონი უსაფრთხოების მანქანამ მიაცილა. შლეგელმილხმა გაიმარჯვა, ბიძინაშვილმა და აფხაზავამ კი მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს.

საინტერესო რბოლა იყო ფორმულას კლასშიც, სადაც ფორმულა „ალფას“ გარდა, ერთმა მონაწილემ საბჭოეთის დროინდელი „ესტონია 21-ით“ იასპარეზა. ეს ავტომობილი ესტონური წარმოების შასიზეა აწყობილი და აღჭურვილია „ლადა-ს“ წარმოების 1600 კუბური სანტიმეტრის მოცულობის ძრავით, რომელიც „ალფას“ ძრავზე მძლავრიცაა და მეტი ბრუნითაც გამოირჩევა. ამასთან, ავტომობილიც უფრო მსუბუქი და აეროდინამიკურად უფრო ეფექტურია.

ფორმულების სტარტზეც შლეგელმილხი დაწინაურდა, რომელსაც არტემ კაბაკოვი, „ესტონიათი“ მოასპარეზე ვიტალი ლარიონოვი, ჯანკატ ჰურმოგლუ, დავით რამიშვილი და სანდრო თავართქილაძე მიყვნენ. ლარიონოვმა მალე ჩამოიტოვა კაბაკოვი და შლეგელმილხსაც დაეწია. მესამეზე გადაინაცვლა თავართქილაძემ, რომელიც მალე ლარიონოვსაც დაეწია, რომელიც ლიდერობას შლეგელმილხს ევილებოდა. მალე გაასწრო კიდც ლატვიელს, რომელიც თავართქილაძემაც ჩამოიტოვა და აქედან მოყოლებული, მათ შორის, პირველობისთვის უშეღავათო ბრძოლა გაიმართა.

ქართველმა რამდენჯერმე სცადა გასწრება, თავიდან რუსი ახერხებდა პოზიციის დაცვას. მაგრამ სანდრომ საბოლოოდ მაინც მიაღწია მიზანს - 180-გრადუსიან მოსახვევში ჩამოიტოვა მეტოქე და ლიდერობაც ბოლომდე იოლად შეინარჩუნა. ლარიონვს მალევე ძრავმა უმტყუნა და ფინიშამდე 4 წრით ადრე, ასპარეზობა შეწყვიტა. შლეგელმილხი ამჯერად მეორე ადგილს დასჯერდა, მესამეზე კი რუსი არტემ კაბაკოვი გავიდა.

საინტერესო რბოლის მომსწრენი გავხდით ტურინგის კლასშიც, სადაც მიტჯეტის კლასის სარბოლო ავტომობილებთან ერთად, სარბოლოდ მომზადებული „ფოლკსვაგენ პოლო“ და შოთა აფხაზავას მიერ მოდიფიცირებული ლეჯენდსის კლასის სარბოლო ავტომობილიც ვიხილეთ.

რბოლის დასაწყისში, „ფოლკსვაგენ პოლოტი“ მოასპარეზე ვლადიმირ ჩერევანი დაწინაურდა, რომელსაც კვალში დათა ქაჯაია (სტანდარტული ჰონდა სივიკი) ჩაუდგა. რბოლა ბოლო პოზიციიდან დაიწყო აფხაზავამ, რომელსაც სამიოდე წრე დასჭირდა ლიდერთა დასაწევად.

ქაჯაია პრაქტიკულად ყოველ მოსახვევში ცდილობდა ჩერევანის ჩამოტოვებას, თუმცა რუსი გაცილებით უკეთესი ავტომობილის ხარჯზე ახერხებდა ლიდერობის შენარჩუნებას. მისი სისწრაფე განსაკუთრებით, ნელი მოსახვევებიდან გამოსვლისას იგრძნობოდა.

მალე ორივეს აფხაზავა დაეწია, რომელმაც ჯერ ქაჯაია ჩამოიტოვა, შემდეგ კი რუსსაც შეუტია. მათ ორ-სამჯერ გაცვალეს პოზიციები, თუმცა საბოლოოდ აფხაზავამ შეძლო დაწინაურება და ბოლო რამდენიმე წრე ლიდერის პოზიცია ხელიდან აღარ გაუშვია. ჩერევანმა და ქაჯაიამ შესაბამისად, მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს.

საქართველოს ჩემპიონატი წრიულ რბოლებში

მე-6 ეტაპი, 2018 წლის სეზონის დახურვა, პირველი დღე

ლეჯენდსი (10 წრე)

  1. ჰარალდ შლეგელმილხი (ლატვია) 25:21.310
  2. არჩილ ბიძინაშვილი (საქართველო) 0.135
  3. შოთა აფხაზავა (საქართველო) 0.303
  4. არტემ კაბაკოვი (რუსეთი) 0.570
  5. გიორგი კირვალიძე (საქართველო) 0.758
  6. ალეკსეი ხაიროვი (რუსეთი) 0.826
  7. იბრაგიმ ახმადოვი (ჩეჩნეთი) 0.958
  8. სანდრო ცხადაძე (საქართველო) 1 წრე
  9. კონსტანტინე კოლიაშვილი (საქართველო) 2 წრე
  10. ჯანკატ ჰურმოგლუ (გერმანია) 2 წრე
  11. დათა ქაჯაია (საქართველო) 3 წრე
  12. გიორგი ბეჟიტაშვილი (საქართველო) 9 წრე
  13. გიგა ბიძინაშვილი (საქართველო) 10 წრე
  14. გიორგი კიკნაძე (საქართველო) 10 წრე

ფორმულა ალფა (10 წრე)

  1. სანდრო თავართქილაძე (საქართველო) 19:37.914
  2. ჰარალდ შლეგელმილხი (ლატვია) 8.634
  3. არტემ კაბაკოვი (რუსეთი) 13.265
  4. დავით რამიშვილი (საქართველო) 15.295
  5. ჯანკატ ჰურმოგლუ (გერმანია) 27.328
  6. ანდრეი ოლეინიკოვი (რუსეთი) 37.780
  7. დავით ბაგრატიონი (საქართველო) 49.331
  8. ზაზა დუდაური (საქართველო) 1:44.352
  9. ვიტალი ლარიონოვი (რუსეთი, ესტონია 21) 4 წრე

BMW კომპაქტი და ტურინგ 1600, აბსოლუტური (12 წრე)

  1. შოთა აფხაზავა (ლეჯენდსი, საქართველო) 25:41.128
  2. ვლადიმირ ჩერევანი (VW პოლო, რუსეთი) 1.349
  3. დათა ქაჯაია (ჰონდა სივიკი, საქართველო) 6.031
  4. ვურალ აკი (მიტჯეტი, თურქეთი) 46.849
  5. ანდრეი სტეპანოვი (მიტჯეტი, რუსეთი) 54.136
  6. პეტრ პლოტნიკოვი (ჰონდა სივიკი, რუსეთი) 1:11.382
  7. იბრაგიმ ახმადოვი (VW პოლო, რუსეთი) 1:32.072
  8. ილია კაშინი (ლადა კალინა, რუსეთი) 1:33.169
  9. კონსტანტინე კოლიაშვილი (BMW, საქართველო) 2:02.502
  10. შერვინ პუშინი (BMW, ირანი) 1 წრე
  11. ნიკოლოზ კობოსნიძე (BMW, საქართველო) 1 წრე
  12. სტეპან ანუფრიევი (ლადა კალინა, რუსეთი) 1 წრე
Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.082628