ჩოგბურთი

21:40 | 1.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

დაუვიწყარი ფინალები - TOP 20

მომენტები, რომლებმაც შექნეს მსოფლიო სპორტის ისტორია.

უკანასკნელი 20 წლის გამორჩეული მოვლენების TOP 20-ის წარმდგენია adjarabet.com – გართობის 20 წლიანი გამოცდილება.

წარმოგიდგენთ ბოლო 20 წლის გამორჩეულ ფინალურ მატჩებს:

ჩემპიონთა ლიგა, 1999 წელი, „მანჩესტერ იუნაიტედი“ – „ბაიერნი“ 2:1

1999 წლის 26 მაისს, ფეხბურთის ისტორიაში დაუვიწყარი ფინალი შედგა. „კამპ ნოუზე“ „ბაიერნი“ „მანჩესტერთან“ შეხვედრაში მე-6 წუთზე დაწინაურდა მარიო ბასლერის გოლით. გერმანული მანქანა ძალიან ახლოს იყო ჩემპიონობასთან. პიერლუიჯი კოლინას დამატებული დროის ათვლა რომ დაიწყო, სწორედ მაშინ შეიცვალა ყველაფერი.

ორი კუთხური და ორი გოლი. ჯერ ტედი შერინგემმა გაათანაბრა, ხოლო ორ წუთში ოლე გუნარ სოლსკიაერმა „წითელ ეშმაკებს“ მოაგებინა და დაუვიწყარი ქამ-ბექი შემოგვთავაზა. ეს თამაში სამუდამოდაა შესული მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში.

ევრო 2000. საფრანგეთი - იტალია 2:1

ალბათ არც იქამდე და არც მას შემდეგ, იტალიის ნაკრები გამარჯვებასთან ასე ახლოს არ ყოფილა. დინო ძოფის საათივით აწყობილი „სკუადრა აძურა“ ევროპის ჩემპიონის ტიტულისკენ მიიწევდა. ფინალში, მარკო დელვეკიოს გოლით იგებდა კიდეც მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონ საფრანგეთთან.

იტალიელებმა ზინედინ ზიდანი თამაშიდან გამოთიშეს და ფრანგების შეტევებიც ნაკლებ სახიფათო იყო. შვედმა ანდერს ფრისკმა შეხვედრას 4 წუთი დაამატა და საფინალო სასტვენამდე 10 წამი რჩებოდა, როდესაც ყველაფერი თავდაყირა დადგა. სილვენ ვილტორმა უშეცდომოდ მოთამაშე იტალიელთა დაცვა და მეკარე დაჯაბნა და გაათანაბრა. მთელი იტალია უკვე ჩემპიონობას ზეიმობდა. იმხანად, ოქროს გოლის წესი მოქმედებდა. შედეგად, დამატებითი დრო დაინიშნა და პირველი გოლი ყველაფერს გადაწყვეტდა. იტალიის ნაკრებისთვის იმდენად შოკის მომგვრელი აღმოჩნდა ბოლო წამებზე გაშვებული გოლი, რომ გონზე მოსვლა ვერც მოახერხა. დავიდ ტრეზეგემ „მამლებს“ ევროპის ჩემპიონობა 103-ე წუთზე მოუტანა.

უეფა თასი, 2001 წელი. „ლივერპული“ – „ალავესი“ 5:4

2001 წლის 16 მაისს, დორტმუნდში უეფას თასის ისტორიაში ყველაზე დრამატული ფინალი გაიმართა. „ლივერპული“ აშკარა ფავორიტი იყო და ინგლისელთა იქ ყოფნა არც არავის აკვირვებდა, მაგრამ მეორე მხარეს იდგა - „ალავესი“. მოკრძალებული ესპანური კლუბი, რომელმაც უდიდეს წარმატებას უწია.

თუმცა, „ალავესი“ ამაზე გაჩერებას არც აპირებდა. „ვესტფანელზე“ შეკრებილმა 50 ათასმა ქომაგმა 90 წუთში 8 გოლი იხილა. ბაბელის, ჯერარდის, მაკალისტერისა და ფაულერის გოლებს ესპანელთა მხრიდან ალონსომ, კრუიფმა და ორჯერ მორენომ უპასუხეს. ლეგენდარული იოჰან კრუიფის შვილმა ხორდიმ 88-ე წუთზე გაათანაბრა და შეხვედრაც დამატებით დროში გადავიდა. 117-ე წუთზე ალავესელმა დელფი გელიმ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და „ლივერპულმა“ უეფას თასი მეტად დრამატულ ბრძოლაში მოიგო.

რაგბი, მსოფლიო თასი, 2003 წელი. ავსტრალია - ინგლისი 17:20

ეს ფინალი ისტორიულია, რადგან პირველად რაგბის ისტორიაში მსოფლიო თასი ევროპულმა ქვეყანამ მოიგო. ინგლისის ნაკრებში ჯონი ვილკინსონი ბრწყინავდა, რომლის ლიდერობით ალბიონელები 2003 წლის მსოფლიო თასის ფინალში გავიდნენ.

ინგლისის ნაკრების მეტოქე ფინალში მასპინძელი ავსტრალია იყო, რომელიც საკუთარ კედლებში ჩემპიონობისთვის ემზადებოდა. საოცარი მატჩი გამოდა, ერთ-ერთი ყველაზე დრამატული რაგბის ისტორიაში.

გუნდებმა პირველი ტაიმში ლელოები გაცვალეს და ამას მოჰყვა ზუსტი ჯარიმები. შეხვედრის დასრულებამდე არაფერი რჩებოდა, როდესაც ელტონ ფლეთლეიმ ჯარიმა გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა (14:14). შეხვედრის ძირითადი დროც დასრულდა და დაინიშნა დამატებითი დრო. მეორე წუთზე ჯონი ვილკინსონმა ჯარიმით ინგლისი დააწინაურა, ხოლო 97-ე წუთზე, მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე, ფლეთლეიმ მეოთხე ჯარიმა გაიტანა შეხვედრაში და წონასწორობა ისევ აღდგა (17:17).

მატჩის დასრულებამდე წამები რჩებოდა. ინგლისელებმა გააზრებული კომბინაცია გაითამაშეს, ვილკინსონი დასარტყმელ პოზიციაზე დატოვეს, რომელმაც არეკნი დაარტყა და გაიტანა (17:20)! ზუსტად 10 წამში მსაჯმა შეხვედრა დაასრულა და ინგლისმა ძალზე დამარტულ ბრძოლაში მსოფლიო თასი მოიგო.

ჩემპიონთა ლიგა, 2005 წელი. „მილანი“ – „ლივერპული“ 3:3 პენ: 2:3

ის, რაც 2005 წლის 25 მაისს, სტამბულში, „ათა თურქის“ მინდორზე მოხდა, დავიწყებას არ მიეცემა. ფავორიტი და შესანიშნავად მობურთალი „მილანი“ „ლივერპულს“ პირველი ტაიმის შემდეგ 3:0 ამარცხებდა. ყველაფერი გადაწყვეტილიც იყო. როგორი საქმეა, კარლო ანჩელოტის მაშინდელ „როსონერისთან“ ფინალში, 45 წუთში სამბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა?! პრაქტიკულად წარმოუდგენელიც...

თუმცა, „ლივერპულმა“ სტივენ ჯერარდის ლიდერობით ეს ყველაფერი 15 წუთში მოახერხა! მე-60 წუთისთვის ტაბლოზე 3:3 აციმციმდა. შეხვედრაც დამატებით დროში გადავიდა, სადაც გოლი არ გასულა. ყველაფერი საფეხბურთო ლატარეამ, პენალტების სერიამ გადაწყვიტა. კარის ხაზზე მოცეკვავე ირჟი დუდეკმა იტალიელებს აჯობა და „ლივერპულმა“ მოიგო! ეს იყო წარმოუდგენელი და „მილანის“ მაშინდელ წევრებსაც დღემდე არ აქვთ პასუხი კითხვაზე, რა მოხდა სტამბულში 45-ე წუთის შემდეგ?..

NBA, 2005 წელი. „სან ანტონიო“ – „დეტროტი“ 4:3

2005 წელს ძალზე დაძაბული და დასამახსოვრებელი ფინალი შედგა „სან ანტონიოსა“ და „დეტროიტს“ შორის. „პისტონსი“ მოქმედი ჩემპიონის რანგში დაუპირისპირდა „სპურსს“ და შეეძლო ჩემპიონობა.

„სან ანტონიო“ სერიაში 3:2 იგებდა და ჩემპიონობის გაფორმება საკუთარ დარბაზში შეეძლო. მაგრამ, „პისტონსმა“ მობილიზება მოახერხა, 95:86 მოიგო და სერიაში ანგარიში გაათანაბრა. ბოლო, გადამწყვეტი შეხვედრის მასპინძელი ისევ „სან ანტონიო“ იყო. ამჯერად, „დეტროიტმა“ მეორედ ვერ მოახერხა სტუმრად გამარჯვება და ოქროს ბეჭდები გრეგ პოპოვიჩის შეგირდებს დარჩათ.

მსოფლიოს ჩემპიონატი, 2006 წელი. იტალია - საფრანგეთი 1:1 პენ: 5:3

ევროპის ჩემპიონატის დრამატული ფინალიდან ზუსტად 6 წლის შემდეგ მეზობლების გზა როტერდამის მერე ბერლინშიც გადაიკვეთა. ლეგენდარული ზინედინ ზიდანი კარიერაში ბოლო თამაშს ატარებდა. ზიზუმ მე-7 წუთზე ტურნირის საუკეთესო მეკარეს, ჯანლუიჯი ბუფონს პენალტი „პანენკას“ სტილში გაუტანა და „მამლები“ დაწინაურდნენ.

მარკო მატერაციმ მალევე გაათანაბრა. მატერაცი და ზიდანი მატჩის მთავარი შემოქმედნი იყვნენ. შეხვედრის ძირითად დროში გოლი აღარ გასულა. 110-ე წუთზე კი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე სკანდალური ეპიზოდის ჯერიც დადგა. მატერაცისთან შელაპარაკების შემდეგ ზიდანმა მკერდში თავი უთავაზა, ხოლო არგენტინელმა მსაჯმა ელიზონდომ ფეხბურთის ლეგენდა გააძევა. ასე დასრულდა ზინედინ ზიდანის ფანტასტიკური კარიერა. შეხვედრა კი, პენალტების სერიაში იტალიელებმა მოიგეს და მსოფლიოს ჩემპიონები მეოთხედ გახდნენ.

უეფას თასი, 2007 წელი. „ესპანიოლი“ – „სევილია“ 2:2 პენ: 1:3

2007 წლის 16 მაისს, გლაზგოში, „ჰემპდენ პარკზე“ უეფას თასის საოცარი ფინალი შედგა. ორი ესპანური გუნდი „სევილია“ და „ესპანიოლი“ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ანდალუზიელებს ზედიზედ მეორედ შეეძლოთ ამ ტურნირის მოგება, ხოლო „ესპანიოლს“ ისტორიაში პირველად.

პირველივე ტაიმში ადრიანომ და ალბერტ რიერამ გოლები გაცვალეს. ძირითადი დროც ასე დასრულდა. დაინიშნა დამატებით დრო, სადაც ასევე გაცვალეს გუნდებმა გოლები. 105-ე წუთზე ფრედერიკ კანუტემ „სევილია“ ისევ დააწინაურა, მაგრამ კატალონელები შანსის ხელიდან ადვილად გაშვებას არ აპირებდნენ. 115-ე წუთზე ჟონათასმა ისევ გაათანაბრა. ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა, სადაც „ესპანიოლმა“ ცუდად ითამაშა, 4-დან მხოლოდ ერთხელ გაიტანა და უეფას თასიც ზედიზედ მეორედ „სევილიამ“ მოიგო.

უიმბლდონი, 2008 წელი. როჯერ ფედერერი - რაფაელ ნადალი 2:3 (4:6, 4:6, 7:6, 7:6, 7:9)

საჩოგბურთო სამყაროში როჯერ ფედერირისა და რაფაელ ნადალის ყველა მატჩი კლასიკაა. თუმცა, 2008 წლის 6 ივლისს, უიმბლოდინის კორტებზე გამართული ფინალი დაუვიწყარია.

შეხვედრა 4 საათისა და 48 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა და ესპანელმა ხუთ სეტიან მძიმე ბრძოლაში შვეიცარიელს აჯობა.

საწყისი ორი სეტი რაფამ ერთნაირი ანგარიშით (6:4) მოიგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა. თუმცა, „მხიარულმა როჯერმა“ მობილიზება მოახერხა და მესამე სეტი 7:6, ტაიბრეიკზე (7:5) მოიგო. იგივე სცენარი განმეორდა მეოთხე სეტშიც. როჯერმა ტაიბრეიკი ამჯერად 10:8 მოიგო. დაინიშნა გადამწყვეტი მეხუთე სეტი, რომელიც ყველაზე მძიმე და დრამატული აღმოჩნდა. საბოლოოდ, ნადალმა 9:7 სძლია ლეგენდარულ მეტოქეს და უიმბლდონის გამარჯვებული გახდა.

NBA, 2010 წელი. „ლეიკერსი“ – „ბოსტონი“ 4:3

დასამახოვრებელი ფინიში ჰქონდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის 2009-2010 წლების სეზონს. ფინალურ სერიაში „ლეიკერსი“ „ბოსტონს“ დაუპირისპირდა.

გუნდებმა საწყისი ორ მატჩში გამარჯვებები გაცვალეს, მაგრამ შემდეგ უპირატესობა „სელტიქსის“ მხარეს გადავიდა, რომელმაც მომდევნო სამი მატჩიდან ორი მოიგო. შესაბამისად, „ბოსტონმა“ ანგარიში წაიყვანა - 3:2.

„ლეიკერსისთვის“ ყველა გზა მოიჭრა. ანგელოზთათვის სიტუაციას ის ამძაფრებდა, რომ ორივე დარჩენილი შეხვედრა უნდა მოეგო და ორჯერვე მეტოქის კედლებში. მეექვსე და თუ შესაძლო გახდებოდა, მეშვიდე თამაშს ბოსტონი მასპინძლობდა. მიუხედავად ამისა, კობი ბრაიანტმა და კომპანიამ ჩინებულად იმოქმედეს. ჯერ ადვილად 89:67 მოიგო, ხოლო გადამწყვეტი შემვიდე მატჩი კიდევ უფრო დრამატული გამოდგა. ბოლო პერიოდის წინ „ბოსტონი“ 4-ქულით იყო წინ, მაგრამ „ლეიკერსმა“ მეტოქესაც აჯობა და საკუთარ თავსაც. შეხვედრა 83:79 მოიგო და ჩემპიონი გახდა.

რაგბი, მსოფლიო თასი, 2011 წელი. საფრანგეთი - ახალი ზელანდია 7:8

2011 წლის მსოფლიო თასის გათამაშებამ რაგბიში ახალმა ზელანდიამ უმასპინძლა. ბუნებრივია მასპინძლები მთავარ ფავორიტებად ითვლებოდნენ და ფინალშიც გავიდნენ.

ფინალში თამაშის უფლება საფრანგეთის ნაკრებმაც მოიპოვა, რომელმაც ისტორიაში მესამედ უწია მსგავს შედეგს. ფრანგები სწორედ მესამე ცდაზე იყვნენ პირველ მსოფლიო თასთან. ოკლენდში, „ედენ პარკზე“ დაძაბული ბრძოლა შედგა და საფრანგეთმა მასპინძელ ფავორიტს უდიდესი წინააღმდეგობა გაუწია.

თუმცა, ახალი ზელანდიის ნაკრებმა საწადელს მაინც მიაღწია და არცთუ სანახაობრივ, მაგრამ დაძაბულ შეხვედრაში 8:7 გაიმარჯვა.

ჩემპიონთა ლიგა, 2012 წელი. „“ბაიერნი“ – „ჩელსი“ 1:1 პენ: 3:4

2012 წელს მიუნხენის „ბაიერნს“ დიდებული შანსი მიეცა, რომ ჩემპიონთა ლიგა 11 წლის შემდეგ მოეგო. ფინალიც მიუნხენში, მშობლიურ „ალიანც არენაზე“ იყო ჩანიშნული. მეტი რა უნდოდა „რეკორდმაისტერს“? ფინალამდე ჩინებულად იარა და იქ ლონდონის „ჩელსის“ გადაეყარა. „არისტოკრატებისთვის“ ეს მეორე ფინალი იყო ისტორიაში და მათთვის პირველი ტიტული იდო სასწორზე.

თამაში უგლოდ სრულდებოდა, მაგრამ 83-ე წუთზე ტომას მიულერმა გაიტანა და „ბაიერნი“ დააწინაურა. გერმანელებს 7 წუთი უნდა გაეძლოთ და პლიუს მსაჯის კომპნესირებული დრო... თუმცა ვერ გაძლეს. 88-ე წუთზე ხუან მატას კუთხურის მერე, დიდიე დროგბამ თავით გაათანაბრა. დამატებით დროში პეტერ ჩეხმა არიენ რობენს აუღო პენალტი და თავის გუნდს შანსი შეუნარჩუნა.

საბოლოოდ, ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, რომელშიც ლონდონელებმა იმძლავრეს. ხუან მატამ პირველივე დარტყმა გააცუდა, რასაც მიუნხენელეთა საწყისი სამი ზუსტი პენალტი მოჰყვა. დავიდ ლუისმა, ფრენკ ლაპმარდმა და ეშლი კოულმა გაიტანეს, ხოლო მერე „ბაიერნმა“ ორჯერ ვერ გაიტანა (ივიცა ოლიჩმა და ბასტიან შვაინშტაიგერმა). გადამწყვეტი დარტყმა დროგბამ შეასრულა და „ჩელსის“ ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში პირველად მოაგებინა.

ავსტრალიის ღია პირველობა, 2012 წელი. ნოვაკ ჯოკოვიჩი - რაფაელ ნადალი 3:2 (5:7, 6:4, 6:2, 6:7, 7:5)

დიდი მუზარადის ტურნირების ისტორიაში ავსტრალიის 2012 წლის ღია პირველობის მამაკაცთა ფინალი სამუდამოდ შევიდა ისტორიაში. ნოვაკ ჯოკოვიჩისა და რაფაელ ნადალის დაპირისპირება 5 საათისა და 53 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

შედეგად, გახდა დიდი მუზარადის ყველაზე ხანგრძლივი ფინალი ისტორიაში. შეხვედრა კი სერბი ჩოგბურთელის ტრიუმფით დასრულდა, რომელმაც ნადალს ხუთ სეტიან, მარათონულ ბრძოლაში აჯობა.

ყველაფერი ნადალისთვის კარგად დაიწყო და პირველი 7:5 მოიგო. თუმცა, შემდეგ თამაშის სადავეები ხელთ ჯოკოვიჩმა იპყრო და მომდევნო ორი სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა 6:4, 6:2. რაფამ მობილიზება შეძლო და მეოთხე სეტში ტაიბრეიკზე მიაღწია წარმატებას, ხოლო გადამწყვეტ მეხუთე სეტში მაინც დამარცხდა (5:7).

ევრო 2012. ესპანეთი - იტალია 4:0

ესპანეთის ნაკრებმა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატი ზედიზედ მოიგო და საფრანგეთის ნაკრების 10 წლის წინანდელი მიღწევა გაიმეორა. თუმცა, „ფურია როხა“ გაჩერებას არ აპირებდა.

2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვისენტე დელ ბოსკეს გუნდი მთავარი ფავორიტის რანგში ჩავიდა და საბოლოოდ, წარმატებული სერია გააგრძელა.

ჩემპიონატი ესპანელებმა იტალიასთან შეხვედრით დაიწყეს და დაასრულეს. თუ სადებიუტო თამაშში „აძურამ“ პირინელებს წინააღმდეგობა გაუწია და ქულა მოიპოვა (1:1), ფინალს სხვა სცენარი ჰქონდა. ესპანეთმა იტალიის ნაკრები 4:0 გაანადგურა და ეს შეხვედრა სამუდამოდ შევიდა ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში, რადგან ყველაზე დიდი ანგარიში სწორედ მაშინ, კიევში დაფიქსირდა ევროპის ჩემპიონატების ფინალებს შორის.

NBA, 2013 წელი. „მაიამი“ – „სან ანტონიო“ 4:3

NBA-ს 2013 წლის მეტად დაძაბული და საინტერესო გამოდგა. „მაიამი ჰიტი“ „სან ანტონიო სპურსს“ დაუპირისპირდა და გამარჯვებულის გამოსავლენად შვიდივე შეხვედრის ჩატარება გახდა საჭირო. ფინალური სერიის საწყის ორ მატჩს მაიამიმ უმასპინძლა. „სპურსმა“ მოახერხა მოედნის უპირატესობის მოპოვება მას შემდეგ, რაც პირველივე შეხვედრაში 92:88 გაიმარჯვა. შემდეგ გუნდებმა თითო გამარჯვება გაცვალეს და ჯერი სერიის მეოთხე დაპირისპირებაზე მიდგა.

„მაიამიმ“ მოახერხა მეტოქის მოედანზე გამარჯვება და სერიაში ანაგრიშიც გაათანაბრა - 2:2. „სან ანტონიომ“ წინ გასვლა მაინც მოახერხა მას მერე, რაც შინ ზედიზედ მესამე შეხვედრა ჩაატარა და 114:104 მოიგო.

„მაიამის“ ჩემპიონობისთვის შეცდომის უფლება აღარ ჰქონდა. ძალზე დაძაბული მატჩი შედგა 18 ივნისს, როდესაც „ჰიტმა“ საკუთარ კედლებში ოვერ ტაიმში დაძლია მეტოქის ბარიერი და შანსი შეინარჩუნა (103:100). გადამწყვეტ მეშვიდე შეხვედრაში კი „მაიამიმ“ ისევ მოიგო და ფინალური სერია, რომელსაც მიმდინარეობისას ყოვლთვის აგებდა, ტრიუმფით დაასრულა.

ჩემპიონთა ლიგა, 2014 წელი. „რეალი“ – „ატლეტიკო“ 4:1

ლისაბონში, 2014 წელს მადრიდული დერბი შედგა. „ატლეტიკომ“ დიდებული სეზონი ჩაატარა და ფინალში დამსახურებულად გავიდა. „რეალმა“ კი გადამწყვეტ შეხვედრას 12-წლიანი პაუზის მერე პირველად უწია. შესაბამისად, ორივე გუნდისთვის უნიკალური შანსი იყო. „ატლეტიკო“ პირველი ტაიმის მიწურულს დიეგო გოდინმა დააწინაურა და მერე თავს ძალიან კარგად იცავდა.

მთელი თამაში „სამეფო კლუბი“ ვერაფრით ახერხებდა მოძულე მეტოქის ზღუდეები გადალახვას. მსაჯის მესამე დამატებული წუთი მიმდინარეობდა, როდესაც სერხიო რამოსი ყველაზე მაღლა ახტა და თავით გაიტანა. ეს იყო დრამატული ფინალის დრამატული დასასრული.

დაინიშნა დამატებით დრო, სადაც „ატლეტიკო“ დემორალიზებული გახლდათ. მეორე 15-წუთეულში „რეალმა“ გაილაღა და 3 გოლი გაიტანა. თუმცა, რომ არა, სერხიო რამოსის გმირობა ბოლო წუთზე, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა...

ევროპის სუპერთასი, 2015 წელი. „ბარსელონა“ – „სევილია“ 5:4

ასეთი რანგის შეხვედრას საქართველოს დედაქალაქმა პირველად უმასპინძლა. თბილისს „ბარსელონა“ და „სევილია“ ესტუმრნენ. თამაშს 51 940 გულშემატკივარი დაესწრო და ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპის სუპერთასების ისტორიაში. ასე რომ, თბილისი ისტორიაში შევიდა.

შეხვედრაც ალბათ საუკეთესო გამოდგა სუპერთასის არსებობის განმავლობაში. ევერ ბანეგამ მესამე წუთზე დააწინაურა „სევილია“, მაგრამ ლეო მესიმ 13 წუთში დუბლი გაიფორმა და „ბარსელონა“ იგებდა. ამას მოჰყვა რაფინია ალკანტარას გოლი ტაიმის მიწურულს და ლუის სუარესის მეოთხე გოლი მეორე ტაიმის სტარტზე.

4:1 - თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილიც იყო. თუმცა, მთავარი მოვლენები შემდეგ განვითარდა. ხოსე ანტონიო რეიესმა, კევინ გამეირომ და ევგენი კონოპლიანკამ ძირითად დროში გაათანაბრეს და „ბარსას“ სამბურთიანი უპირატესობა აღმოფხვრეს. დაინიშნა დამატებითი დრო, სადაც უკვე 1 გოლი გავიდა. პენალტების სერიამდე 5 წუთი რჩებოდა, როდესაც პედრომ გაიტანა და დაუვწიყარი ფინალი „ბარსელონამ“ 5:4 მოიგო. ეს ყველაფერი „დინამო არენაზე“...

NBA, 2016 წელი - „გოლდენ სტეიტი“ – „კლივლენდი“ 3:4

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ბოლო წლების ყველაზე დრამატული ფინალიური სერია 2016 წელს შედგა. „გოლდენ სტეიტი“ „კლივლენდ კავალიერსთან“ ფავორიტადაც განიხილებოდა და ყველაფერი ისე დაიწყო, თითქოს „მეომრებს“ გამარჯვება არ უნდა გასჭირვებოდათ.

სერიის საწყოს ორ მატჩს „ორეიკლ არენამ“ უმასპინძლა და „გოლდენ სტეიტმა“ ორივე შეხვედრა ადვილად მოიგო (104:89, 110:77). შედეგად, სტივ კერის გუნდი 2:0 დაწინაურდა და ოქროს ბეჭდებსაც მიუახლოვდა. „კლივლენდმა“ ბრძოლაში დაბრუნება პირველი საშინაო თამაშში შეძლო (120:90), მაგრამ „გოლდენმა“ მეტოქის მოედანზე მეორე შეხვედრა თავის სასარგებლოდ დაასრულა (108:97) და ჩემპიონაბას ერთადერთი ნაბიჯი აშორებდა. 3:1 სერიაში ძალზე დიდი უპირატესობა იყო და „კლივლენდიც“ უიმედო მდგომარეობაში ჩავარდა.

მიუხედავად ამისა, „კავსმა“ სასწაული მოახდინა. ჯერ ოკლენდში მოიგო, შემდეგ საკუთარ დარბაზში და სერიაში ანგარიშიც გაათანაბრა. ბოლო, გადამწყვეტ მეშვიდე შეხვედრას ისევ ოკლენდი მასპინძლობდა, მაგრამ „კლივლენდმა“ ზედიზედ მესამედ სძლია მოწინააღმდეგეს და ჩემპიონიც გახდა.

ავსტრალიის ღია პირველობა, 2017 წელი. როჯერ ფედერერი - რაფაელ ნადალი 3:2 (6:4, 3:6, 6:1, 3:6, 6:3)

ავსტრალიის ღია პირველობის ფინალი ჩვენს ჩამონათვალში კიდევ ერთხელ მოხვდა. ამჯერად, 2017 წლის, როდესაც ისეთი მარათონული ბრძოლა არ ყოფილა, როგორც 2012 წელს, მაგრამ მაინც დასამახოვრებელი მატჩი შედგა.

იმ დროისთვის, ნადალი რეიტინგის მეცხრე ჩოგანი იყო, ფედერერი მე-17. შვეიცარიელმა ხუთ სეტში სძლია მეტოქეს და ეს იყო მძიმე ტრავმის შემდეგ პირველი გამარჯვება.

ჩემპიონთა ლიგა, 2017 წელი. „იუვენტუსი“ – „რეალი“ 1:4

ეს ფინალი ისტორიულია, რადგან ჩემპიონთა ლიგის არსებობის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ერთი და იგივე გუნდმა ზედიზედ ორჯერ მოახერხა გამარჯვება. „რეალი“ ტურინის „იუვენტუსს“ დაუპირისპირდა. ბევრი ფიცხელ ბრძოლას ელოდა და პირველ ტაიმში ასეც იყო.

კრიშტიანუ რონალდუს გოლს მალევე მარიო მანჯუკიჩმა ულამაზესი გოლით უპასუხა. აი, მეორე ტაიმი კი მხოლოდ „რეალის“ გამოდგა. კაზემირომ, რონალდუმ და ასენსიომ ანგარიშს გამანადგურებელი სახე მისცეს. „სამეფო კლუბი“ კი ისტორიაში შევიდა.

0.112513