ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბოლო 2 კვირის განმავლობაში სამხრეთაფრიკელ კევინ ანდერსონს მეორედ დაუპირისპირდა და ამჯერადაც სამ სეტში დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე მასტერსის პირველ წრეში ავსტრალიელ ჯონ მილმანს აჯობა, დღეს კი, მე-7 ნომრად განთესილ ანდერსონთან 3:6, 7:6 (7:3), 6:7 (3:7) წააგო.
მატჩი 2:18 საათს გაგრძელდა და როგორც მოსალოდნელი იყო, აფრიკელის უპირატესობა ძირითადად მისმა ჩინებულმა მოწოდებამ განაპირობა. კევინმა ნაკლები უნებლიე შეცდომა დაუშვა და “ვინერსიც” მეტი ჰქონდა.
ამგვარად, ქართველი ჩოგბურთელისთვის, რომელმაც წლეულს უდიდესი პროგრესი განიცადა, სეზონი დასრულებულია. ე.წ. “ლაივ-რეიტინგში” ნიკას 1795 ქულა აქვს და 21-ე ადგილზეა.