გოგა ბითაძის კიდევ ერთი აღიარება: “მეგა ბემაქსის” 19 წლის ქართველი ცენტრი ოქტომბრის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) დაასახელეს ადრიატიკის ლიგაში, სადაც არაერთი ნიჭიერი და გამოცდილი კალათბურთელი ასპარეზობს.
შეგახსენებთ, რომ “მეგა ბემაქსმა” ადრიატიკის ლიგის მიმდინარე სეზონი 5 მოგებით გახსნა, კონკრეტულად მიმდინარე თვეში კი, 4 გამარჯვება იზეიმა, რაშიც ქართველმა ლეგიონერმა დიდი წვლილი შეიტანა.
აღნიშნულ შეხვედრებში ბითაძის საშუალო მონაგარი 18.25 ქულა, 8.5 მოხსნა და 2.25 დაფარება გახლდათ, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 22.5-ს გაუტოლდა. ამ აღიარებას გოგა ადრიატიკის ლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოეხმაურა:
“ჩვენი წარმატების საიდუმლო გუნდური სული და ისაა, რომ მოგებებს ძალიან მონატრებულნი ვართ. გასულ ზაფხულს ბევრი ვივარჯიშე და ახლა, შესაბამის შედეგს ვიმკი. ჩემი თამაშით უკმაყოფილო არ ვარ, თუმცა, უკეთ გარჯა ყოველთვის შეიძლება.
“მეგა ბემაქსი” ახალგაზრდა კალათბურთელის განვითარებისთვის საუკეთესო ადგილია, ამდენად, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ აღმოვჩნდი. გუნდში უკვე 3 წელია ვირიცხები და წინსვლაში ყველანი ძალიან მეხმარებიან.
მნიშვნელოვანი იყო გასულ წელს ადრიატიკის ლიგის 19-წლამდელთა ტურნირში თამაში, სადაც კარიერაში MVP-ს პირველი ტიტული დავიმსახურე. ეს ყველაფერი დამატებით მოტივაციას მაძლევს, რათა უფრო მეტი ვიშრომო”.