იაპონიის სუმოს ასოციაციამ განახლებული რეიტინგი იგივე ბანძუკე გამოაქვეყნა, რომელშიც ქართველ გოლიათ ლევან გორგაძეს იგივე ტოჩინოშინს კვლავაც დასავლეთის მე-2 ოძეკის წოდება უკავია.
მოსალოდნელია, რომ ტოჩინოშინი მომდევნო სუპერტურნირს უკეთ მომზადებული შეხვდება და იმედია, რომ ტრავმამოშუშებული ისევ უმაღლესი მიზნისთვის იბრძოლებს.
როგორც მოსალოდნელი იყო, რანგით მე-3 ლიგა მაკუშიტაში დაქვეითდა გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი. ქართველი სუმოისტი წარუმატებელი ასპარეზობის გამო მე-2 დივიზიონ ჯურიოს გამოეთხოვა და ამასთან, სეკიტორის პრესტიჟული ტიტულიც დაკარგა.
კარგი ისაა, რომ გაგამარუ მაკუშიტაში აღმოსავლეთის პირველი ნომერი იქნება, ამდენად, მინიმალური დადებითი ბალანსის დაფიქსირების შემთხვევაშიც კი, ჯურიოს დაუბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ მე-3 დივიზიიონში სუმოისტები მხოლოდ 7 ორთაბრძოლას მართავენ, ამდენად, გაგამარუს წარმატების მისაღწევად 4 ორთაბრძოლის მოგებაც ეყოფა.
ვთქვათ ისიც, რომ ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში კვლავაც იოკოძუნების წოდებით გაირჯებიან ჰაკუჰო, კაკურიუ და კისენოსატო, ტოჩინოშინის გარდა, ოძეკის წოდებით გოეიდისა და ტაკაიასუს ვიხილავთ, მიტაკეუმი და იჩინოჯო სეკივაკეები იქნებიან, ხოლო ტაკაკეიშო და კაისეი კომუსუბების რანგში გაირჯებიან.
მომდევნო კიუშიუ ბაშო 11-25 ნოემბერს გახლავთ დაგეგმილი და მას ფუკუოკა უმასპინძლებს.