გოგა ბითაძის ”მეგა ბემაქსი” ადრიატიკის ლიგაში წაუგებელ სვლა განაგრძობს, ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა კი მორიგი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა და უძვირფასესი მოთამაშის (MVP) ტიტული კიდევ ერთხელ მოიპოვა.
სერბული გუნდი მონტენეგროში “მორნარ ბარს” ესტუმრა და დაძაბულ მატჩში 84:80 სძლია, ბითაძე კი ტრადიცულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 30:19 წუთში 26 ქულა, 10 მოხსნა და 3 დაფარება მიითვალა და მორიგი ორმაგი დუბლის ავტორი გახდა.
გოგამ 7-დან 5 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი და 7-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, ქართველი ცენტრის სარგებლიანობის კოეფიციენტი 35-ს გაუტოლდა და გასაკვირი არ ყოფილა, რომ ეს შეხვედრის საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.
“მეგა ბემაქსმა” სეზონის სტარტზე მიჯრით მე-5 გამარჯვება იზეიმა და სატურნირო ცხრილს ბელგრადის “ცრვენა ზვეზდასთან” ერთად ლიდერობს, მომდევნო შეხვედრას კი 3 ნოემბერს, სერბული კალათბურთის კიდევ ერთ გრანდ “პარტიზანთან” გამართავს.