ბლოგი

16:45 | 28.10.2018 | ნანახია 302 - ჯერ

საფეხბურთო სიზმრები

ერთხელ მარადონამ დაიჩივლა, მუდამჟამს კოშმარები მესიზმრება და ისეთ დღეში ვარ, ღამე დაძინებისაც კი მეშინიაო. რთული სათქმელია მარადონას სიზმრისეული კოშმარები დაკავშირებულია თუ არა მის ნარკოტიკების სიყვარულთან, მაგრამ ნამდვილად ერთ რამედ ეღირება სიზმრებისგან შეწუხებული, შუაღამით საწოლიდან წამომხტარი დიეგის ცქერა, რომელსაც ძილის სიკვდილივით ეშინია.

სიზრები ზოგი ადამიანისთვის ცხოვრების ნაწილია, ზოგი კი ისე ცხოვრობს, სულ რამდენჯერმე დასიზმრებია რაიმე. ისე კი, მართლაც საინტერესო იქნება თუ რა შეიძლება ესიზმრებოდეს ცნობილ ფეხბურთელებს. ამიტომ, მოდი ცოტა გავხალისდეთ და ერთად წარმოვიდგინოთ ფეხბურთელების და მწვრთნელების სიზმრები.

ლეო მესის ალბათ არგენტინის ნაკრების ქომაგებით გადაძეძგილი “ბომბონერას“ ტრიბუნები ესიზიმრება და ყურში გამუდმებულად ჩაესმის “ვერცხლის ქვეყნის“ ეროვნული გუნდის ქომაგთა ყიამყრალური შეძახილები მატჩის დსარულების დროს. არგენტინელ ქომაგებს როგორც იცით სტვენა ნაკლებად სჩვენიათ, მაგრამ გემრიელად ღრიალი და გინება - იცოცხლეთ...

კრიშტიანუ რონალდუს ლეო მესი უნდა ესიზმრებოდეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი კაცი ერთ ჩემპიონატში უკვე აღარ აგორებს ბურთს. მუშნი ზარანდიას და დათა თუთაშხიას ტკბილ-მწარე ურთიერთობებისა არ იყოს, მესის და რონალდუსაც მგონი ერთმანეთთან კონკურენცია და ერთურთის დასიზმრება სჭირდებათ დაშხოშიანად თამაშის მოტივაცია რომ შეინარჩუნონ.

ჯანლუიჯი ბუფონს თავისი ამჟამინდელი მდგომარეობა კოშმარულ სიზმრად უნდა ესიზმრებოდეს, რამეთუ “ჯიჯი“ ლეგენდარული გოლკიპერიდან პარიზული კლუბის სკამის “გამათბობელ“ სათადარიგო მეკარედ იქცა. ყველა ადამიანს გავგვიჩნდა ლოგიკური კითხვა: კი მაგრამ, ბუფონი რას უწუნებდა “იუვენტუსის“ სათადარიგოთა სკამს? ტურინში ხომ იმ სკამს მას არავინ დაამადლიდა...

საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელებს ეს ბოლო თვეები სიზმრებზე მეტად ლამაზი ზმანებები ექნებათ. ეს ზმანებები ალბათ მუდამჟამს რუსეთს დასტრიალებს და არცთუ თვალმშვენიერი რუსული პროვინციული ქალაქების მწვანე მოედნებიც კი “მამლების“ მობურთალთათვის მთელს დედამიწაზე ალბათ ყველაზე საუკეთესო ადგილებია. აბა მიდით და შეედავეთ ფრანგებს რომ ასე არაა...

ტკბილად დაბერებულ სერ ალექს ფერგიუსონს სხვა რა უნდა ესიზმრებოდეს თუ არა “ოლდ ტრაფორდის“ პირთამდე სავსე ტრიბუნები და “ალისფერი ეშმაკების“ სათადარიგოთა სკამი, სადაც წითელცხვირა სქოთმა უამრავი წელი გაატარა. ეს ის წლები იყო, რომელიც ფერგიუსონს კი არა, “მანჩესტერ იუნაიტედის“ არც ერთ ქომაგს არასოდეს დაავიწყდება.

ვლადიმერ ვაისს ხან ექტორ კუპერი ესიზმრება, ხან ალენ ჟირესი, და ხან კლაუს ტოპმიოლერი. ყველა ეს კაცი ვაისს ეუბნება, შეეშვი მაგ ხალხს, გაასწარი სანამ დროა და გადაირჩინე კარიერაო, მაგრამ სლოვაკს როგორც ჩანს სიზმრების არ სჯერა და არც მარადონასავით ოფლით დაცვარული შუბლით იღვიძებს. ახლა მთავარი ისაა, რომ საქართველოს ნაკრების მწვრთნელს რევაზ ძოძუაშვილი არ დაესიზმროს თორემ... ძოძუაშვილის დასიზმრებას ეხუმრებით?...

Loading...

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:16 | 29.10.2018
# KoRBeN DaLLaS # (13312)

ძუძუაშვილი ესიზმრება კობიაშვილს, თან ყოველ ღამე...
მიდის თურმე ლევანთან და უყვირის - რატომ არ არის ვაისის სიზმრებში ძოძუაშვილი, რატომ არ არის ვაისის სიზმრებში ძოძუაშვილიო

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.069944