ჭიდაობა

22:53 | 27.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

რობერტ კობლიაშვილმა მსოფლიოს ხალიჩაზე ბრინჯაოს წერტილი დასვა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი 2 მედლით დაასრულა. ნუგზარ წურწუმიას (55 კგ) მიერ გუშინ მოპოვებულ ბრინჯაოს, დღეს ასევე ბრინჯაო მიამატა რობერტ კობლიაშვილმა (87 კგ).

ბუდაპეშტურ მსოფლიოს პირველობაზე ევროპის მოქმედი ჩემპიონის რანგში მოჭიდავე კობლიაშვილმა რეპეშაჟის ფინალში რუსეთის ნაკრების წევრი ბეკხან ოზდოევი დაამარცხა (4:2) და მსოფლიო კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ზედიზედ მეორედ ავიდა.

მსოფლიოს ჩემპიონატი ხვალ დასრულდება. საპრიზო სამეულები 77, 97 და 130 კილოგრამ წონით კატეგორიებში შეივსება, ოღონდ ქართველების გარეშე. თორნიკე ძამაშვილმა (77 კგ), რევაზ ნადარეიშვილმა (97 კგ) და ზვიად პატარიძემ (130 კგ) მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი დღეს დაკარგეს - ძირითად ბადეში მეოთხედფინალს ვერ გასცდნენ, ხოლო მათმა მძლეველმა მოჭიდავეებმა ფინალში გასვლა ვერ შეძლეს.

რეპეშაჟთან ყველაზე ახლოს ნადარეიშვილი იყო, მაგრამ, მისი მომგები სომეხი არტურ ალექსანიანი ნახევარფინალში დამარცხდა რუსეთის ნაკრების წევრ მუსა ევლოევთან.

0.119123