საქართველოს ეროვნული ლიგის 30-ე ტურში თბილისის „დინამომ“, რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძვის გათამაშების ერთ-ერთი აუტსაიდერი „სამტრედია“ არ დაინდო და 8:1 გაანადგურა.
კლასში სხვაობაც დიდი იყო და ფეხბურთსაც ერთი გუნდი თამაშობდა. შედეგიც ლოგიკურია. აშკარაა, „სამტრედიამ“ ამ სეზონს სრულიად მოუმზადებელი შეხვდა და გუნდში არაერთი პრობლემაა. „დინამომ“ კი „ლოკომოტივთან“ დაკარგული ორი ქულის შემდეგ იმერლებზე იყარა ჯავრი და 8:1 სძლია.
აკაკი შულაიამ, ბუდუ ზივზივაძემ და გიორგი ივანიშვილმა ორ-ორჯერ დაამწუხრეს მეტოქე, ხოლო მათე ვაწაძემ და ლაშა თოთაძემ თავი თითოჯერ გამოიჩინეს. სამტრედიელთაგან პრესტიჟის გოლი ჯაბა ლიპარტიას ანგარიშზეა.
„დინამოს“ ამ გამარჯვებით 62 ქულა გაუხდა, ხოლო „სამტრედია“ 18 ქულით ისევ მე-9 ადგილზეა.
დღის კიდევ ერთ შეხვედრაში „სიონმა“ და „კოლხეთმა“ ქულები გაიყვეს. ფოთელებმა გამარჯვება ბოლო წუთზე გაუშვეს ხელიდან და მნიშვნელოვანი ორი ქულა დაკარგეს.
„სამტრედია“ – „დინამო“ 1:8 (1:3)
გოლები: 0:1 შულაია (20), 0:2 ვაწაძე (33), 0:3 ზივზივაძე (41), 1:3 ლიპარტია (43), 1:4 თოთაძე (48), 1:5 შულაია (61), 1:6 ზივზივაძე (69), 1:7 ივანიშვილი (72), 1:8 ივანიშვილი (88)
„კოლხეთი“ – „სიონი“ 1:1 (0:0)
გოლები: 1:0 აფხაზავა (76), 1:1 ხმალაძე (90)