საქართველოს 17 წლამდე ნაკრები ევროპის 2019 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას აგრძელებს, თუმცა სასიხარულო არაფერია. ზვიად ჯელაძის გუნდმა პირველ ტურში მასპინძელ დანიასთან ავად თუ კარგად, იბრძოლა და 1:3 წააგო, ხოლო მეორე ტურში რუსეთის 17 წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდა.
ვიბორგში გამართული შეხვედრა ქართველი ფეხბურთელებისთვის კოშმარული გამოდგა. მოსაყოლი არაფერია, ანგარიშიდან ყველაფერი ჩანს - მარცხი 1:7...
რუსების უპირატესობა უდიდესი იყო პირველივე ტაიმში ყველაფერი გადაწყდა. ქართველთაგან ერთადერთი პრესტიჟის გოლი გიორგი აბუაშვილმა გაიტანა, მაგრამ ეს, რა ნუგეშია?!
ორი ტურის შემდეგ 0 ქულა და ელიტ-რაუნდში გასვლის შანსი პრაქტიკულად დაკარგულია. ამ წუთისთვის რუსეთს 6 ქულა აქვს, დანიას 3, ხოლო საქართველო და ესტონეთი უქულოდ არიან. დღესვე, მეორე ტურის მეორე შეხვედრაში დანია თუ ესტონეთთან არ წააგებს, ჯელაძის გუნდისთვის ბოლო ტური ფორმალობა იქნება. ასეც რომ არ იყოს, ბურთების ბალანსი იმდენად საშინელია, რომ რთულია შანსზე საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო მესამეადგილოსნებიც ხვდებიან ელიტ-რაუნდში.
საქართველოს 17 წლამდე ნაკრები მესამე ტურის შეხვედრას 30 ოქტომბერს, ესტონეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.
რუსეთი (U17) - საქართველო (U17) 7:1 (3:0)
ვიბორგი, „ვიბორგ სთედიუმი“
რუსეთი (4-3-3): ალექსეევი; ლოგაჩევი, კარპოვი (ნოვიკოვი 70), კოტინი, კონიუკოვი; სავინოვი (შმაკოვი 46), ავანესიანი (კრატკოვი 63), შამკინი (კოკოევი 58); მუტალიევი, შაპოვალოვი (გოლიატოვი 46), შეტინინი
მწვრთნელი: დმიტრი ხომუხა
საქართველო (4-2-3-1): ხარშილაძე (ხარატიშვილი 46); კვარაცხელია, ჭინჭარაული, ხვადაგიანი (ერაძე 77), მორჩილაძე; ბენდიანიშვილი (ხვედელიძე 46), ტალახაძე; ზურაბიანი (მიირზიკაშვილი 56), აბუაშვილი, აზაროვი; ომარაშვილი (ოსიქმაშვილი 46)
მწვრთნელი: ზვიად ჯელაძე
გოლები: 1:0 შამკინი (1), 2:0 შამკინი (22), 3:0 შეტინინი (40), 4:0 შეტინინი (56, პენ), 5:0 კრატკოვი (65), 5:1 აბუაშვილი (73), 6:1 შეტინინი (75, პენ), 7:1 კრატკოვი (76)
გაფრთხილება: მორჩილაძე (90) - სავინოვი (25), კოტინი (31), მუტალიევი (46), კარპოვი (62), კრატკოვი (88)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმა: 17 (9) – 8 (4) კუთხურები: 3:2
მსაჯი: ნეიჩ კაიტაზოვიჩი (სლოვენია)