ჭიდაობა

16:45 | 27.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

კობლიაშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს, ნადარეიშვილი ბრინჯაოს შანსს ელოდება

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატს ოქროს მედლის გარეშე დაასრულებს. დღეს მსოფლიოს კონკურენციაში ბოლო სამი წონითი კატეგორიის მოჭიდავეები ჩაებნენ. ქართველთაგან ხალიჩაზე თორნიკე ძამაშვილი (77 კგ), რევაზ ნადარეიშვილი (97 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ) გავიდნენ, მაგრამ საღამოს პროგრამამდე დაუმარცხებლად მისვლა ვერც ერთმა ვერ შეძლო.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსს მხოლოდ ნადარეიშვილი ინარჩუნებს. ოქრო-ვერცხლის შანსი მან მეოთხედფინალში დაკარგა, ოლიმპიურ, მსოფლიოს სამგზის და ევროპის ოთხგზის ჩემპიონთან - სომეხ არტურ ალექსანიანთან წაგებით.

უხვტიტულა სომეხთან დაპირისპირებამდე რევაზ ნადარეიშვილმა კანადელი ტომას ბარეირო (9:0), ბელარუსი ალექსანდრ ჰრაბოვიკი (5:1) და მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონი - ფრანგი მელონინ ნუმონვი ჩამოიშორა.

თორნიკე ძამაშვილმა (77 კგ) მსოფლიოს პირველობა ბელარუსი კაზბეკ კილოუს ძლევით (7:1) გახსნა, მაგრამ მერვედფინალში თურქ ფათიჰ ჩენგიზთან (4:7) დამარცხდა და მალე რეპეშაჟში გადართვის შანსიც დაკარგა, რადგან თურქი მეოთხედფინალს ვერ გასცდა.

ასევე მეოთხედფინალში დამარცხდა ოსკარ პინო ჰინდი – კუბელი მძიმეწონოსანი, რომელმაც მერვედფინალში ბოლო ქულის უპირატესობით აჯობა ზვიად პატარიძეს (130 კგ). ამ მარცხამდე პატარიძემ ირანელი შაბან გოურეჯილის ძლევა (2:1) მოასწრო.

77, 97 და 130 კილოგრამ წონით კატეგორიებში ნახევარფინალები თბილისის დროით 19:00 საათიდან დაიწყება და თუ სომეხი ალექსანიანი (97 კგ) ფინალში გავა, ნადარეიშვილს ბრინჯაოს მედლისკენ მიმავალი გზა გაეხსნება და ლასლო პაპის დარბაზის ხალიჩაზე ხვალაც გავა. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს ნაკრებისთვის 2018 წლის სეზონის უმთავრესი შეჯიბრება ნაადრევად დასრულდება.

აქვე ბოლოსთვის შემონახული სასიამოვნო ამბავიც - დღეს უნგრულ ხალიჩაზე რობერტ კობლიაშვილიც (87 კგ) გავიდა. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა რეპეშაჟის ნახევარფინალში ალჟირელ ადემ ბუჯემლინს 9:1 მოუგო და მსოფლიოს ჩემპიონატის ზედიზედ მეორე ბრინჯაოს მედალს ერთი გამარჯვებაღა აშორებს.

რეპეშაჟის ფინალში კობლიაშვილი რუსეთის ნაკრების წევრ ბეკხან ოზდოევს დაეჭიდება. დღეს, ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი დღით ადრე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ანგარიშზე ერთი ბრინჯაოს მედალია, რომელიც 26 ოქტომბერს ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) მოიპოვა.

0.106884