ჭიდაობა

20:55 | 26.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნუგზარ წურწუმია მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორია

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ათი წონითი კატეგორიიდან ოთხში შეივსო საპრიზო სამეულები. საქართველოს ნაკრებმა კი ანგარიში ერთი ბრინჯაოს მედლით გახსნა, რომელიც ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) მოიპოვა. ბექა როყვას გაწვრთნილი გუნდის უმსუბუქესი წევრი რეპეშაჟის ფინალში ჩინელ ლიგუო ცაოს დაუპირისპირდა და წუთნახევარში 11:0 დაამარცხა.

ძირითად ბადეში წურწუმიამ ოთხი შეხვედრა ჩაატარა. ირანელი ნადერიხადემის, რუსეთის ნაკრების წევრ ტოპოევისა და ბრაზილიის სახელით მოჭიდავე ხაჩატრიანის ძლევის შემდეგ, ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონთან - აზერბაიჯანელ აზიზლისთან დამარცხდა.

ნუგზარ წურწუმიამ 2018 წლის სეზონი ბრინჯაოს დუბლით დაასრულა. ქართველმა მსუბუქწონოსანმა გაზაფხულზე, რუსეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზეც მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

დღეს უნგრულ ხალიჩაზე წურწუმიას გარდა, კიდევ სამი ქართველი გავიდა. გიორგი ხუჭუა (72 კგ) რეპეშაჟში ცდილობდა ბრინჯაოს გზის გავლას. დავით ჩხარტიშვილი (60 კგ) და რობერტ კობლიაშვილი (87 კგ) კი ძირითად ბადეში ჩაებნენ მსოფლიო კონკურენციაში.

დღე შედარებით წარმატებული კობლიაშვილისთვის გამოდგა. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ერაყელი ალ-ტამეემი და უნგრელი ვიქტორ ლორინცი კი ჩამოიშორა, მაგრამ თურქ ბაშართან არასასურველი ფრით (4:4) წააგო და მას შემდეგ, რაც თურქი ფინალში გავიდა, კობლიაშვილს ბრინჯაოს მედლისკენ მიმავალი გზა გაეხსნა.

მსოფლიოს კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ზედიზედ მეორედ ასასვლელად რობერტ კობლიაშვილს ორი შეხვედრის მოგება დასჭირდება. პირველში კანადელ ბარეიროსა და ალჟირელ ბუჯემლინეს წყვილიდან გასულს დაეჭიდება, გამარჯვების შემთხვევაში კი მედლისთვის რუსეთის ნაკრების წევრ ოზდოევთან იბრძოლებს.

ხვალვე ჩაებმებიან მსოფლიოს კონკურენციაში თორნიკე ძამაშვილი (77 კგ), რევაზ ნადარეიშვილი (97 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ).

წინასწარი ეტაპისა და რეპეშაჟის შეხვედრები თბილისის დროით 12:30 საათიდან დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119359