ძიუდო

16:10 | 26.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა ძიუდოისტებმა აბუ დაბის გრანდ სლემზე მეტოქეთა ვინაობა შეიტყვეს

27-29 ოქტომბერს არაბეთის გაერთიანებული საემიროების დედაქალაქი აბუ დაბი ტრადიციულ გრანდ სლემს უმასპინძლებს, რომელშიც 5 კონტინენტის 62 ქვეყნის 348 ძიუდოისტი (215 კაცი+133 ქალი) ჩაებმება. მათ შორის საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების 11 წევრიცაა.

ტურნირის ფორმატის თანახმად, 27 ოქტომბერს ტატამზე ვაჟთა 60 დ 66 კგ-მდე წონითი კატეგორიის წარმომადგენლებს ვიხილავთ, 28-ში 73 და 81 კგ-ს ჯერია, 29-ში კი შეჯიბრს 90, 100 და +100 კგ-მდე წონების ძიუდოისტები დახურავენ.
“მუბადალა არენაზე”, სადაც გრანს სლემი ჩატარდება, უკვე შედგა წილისყრა და ქართველებმა მეტოქეთა ვინაობა შეიტყვეს. 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ქვეყნის ღირსებას ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი დაიცავენ.
პაპინაშვილს პირველი განთესვა აქვს და მე-2 წრეში ირანელ აბოლფაზი მაჰმუდისა და რუსი ბესლან მუდრანოვის წყვილში უმჯობესს გაეჯიბრება. ჩხვიმიანი ბრძოლაში ასევე მე-2 რაუნდიდან ჩაებმება, საადაც სლოვენიელ მატიაჟ ტრბოვიჩსა და ჩინელ რილეგე სუს შერკინებაში გამარჯვებულს დაელოდება. სათქმელია ისიც, რომ წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში, ქართველთა გზები ნახევარფინალში გადაიკვეთება.
66 კგ-ში ასევე უმთავრეს ფავორიტად მიიჩნევა ვაჟა მარგველაშვილი, რომელსაც საკმაოდ კარგი ბადე აქვს. ის პირდაპირ მე-2 წრეშია დაშვებული და ძალებს მასპინძელი აჰმედ ალ ჰოსანისა და ირლანდიელი ნატონ ბარნსის ორთაბრძოლაში უმჯობესთან მოსინჯავს.
საქართველო 2 ძიუდოისტითაა წარდგენილი 73 კგ-ში, სადაც ფრიდონ გიგანი ჩეხ იაკუბ იეჩმინეკს დაუპირისპირდება, ხოლო ლაშა შავდათუაშვილი მე-2 რაუნდში იაპონელ ტაკეში დოის გაეჯიბრება.
81 კგ-მდე წონით კატეგორიაში თამაზ კირაკოზაშვილი ასევე მე-2 წრეში გერმანელი ჰანს კონრადის დაჯაბვნას ეცდება, 90 კგ-ში კი ასევე 2 ძიუდოისტი გვყავს: ავთანდილ ჭრიკიშვილი საწყის წრეში ესტონელ კლენ კრისტოფერ კალიულაიდს შეერკინება, ხოლო უშანგი მარგიანი მე-2 რაუნდში თურქმენ ტეიენ ტეიენოვს დაუპირისპირდება.
100 კგ-ში საქართველოს ღირსებას ლაშა ტაველური დაიცავს, რომლის მეტოქეც ჩინელი ბო ჟანგი იქნება. მძიმე წონაში (+100 კგ.) ლევან მატიაშვილი მე-2 რაუნდში ყირგიზ იური კრაკოვეცკისთან გამკლავებას ეცდება, ადამ ოქრუაშვილი კი ბელარუს ვლადისლაუ ციარპიცკისა და ავსტრიელ დანიელ ალერსტოფერს შორის უმჯობესს ელის.

0.114164