სხვა

21:15 | 25.10.2018 | ნანახია 0 - ჯერ

პლესნოიმ საქართველოს ვერცხლის მედალი მოუტანა!

საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრების ახალმა წევრმა – უკრაინელმა ანტონ პლესნოიმ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

პოლონეთის ქალაქ ზამოსცში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპირველობის 94 კგ-მდე წონით კატეგორიაში ანტონი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურთანაც ახლოს იყო, თუმცა, მსაჯებმა ამის საშუალება არ მისცეს.
პლესნოიმ ატაცში სამივე ცდა (165, 169 და 172 კგ.) გამოიყენა და მე-2 ადგილზე გასულ უკრაინელ პავლო ზაკაშევსკის ერთბაშად 11 კგ-ით აჯობა, მცირე ბრინჯაო კი სომეხ ჰაკობ მკრტჩიანს (160 კგ.) ერგო.
პლესნოიმ აკვრაში 195 კგ-იანი შტანგა დასძლია, შემდეგ კი, 202 კგ. 2-ჯერ ასწია, თუმცა, არბიტრებმა არცერთი მისვლა არ ჩაუთვალეს და ამით, მის მეტოქეებს გზა გაუხსნეს.
შანსი კარგად გამოიყენა ხსენებულმა მკრტჩიანმა, რომელმაც 208 კგ. აჰკრა, დიდი ჩამორჩენა აღმოფხვრა და ჯამური 368 კგ-ით ანტონს გადაასწრო.
საბოლოოდ, პლესნოიმ (367 კგ.) მე-2 ადგილი დაიკავა, ბრინჯაოს მედალი კი ბელარუს სიარჰეი ჰარანინს (355 კგ.) ერგო.
შეგახსენებთ, რომ ეს, ქართული დელეგაციისთვის ევროპის ჩემპიონატზე აღებული უკვე მე-3 მედალია. მანამდე, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე გოგა ჩხეიძე (69 კგ.) და რევაზ დავითაძე (85 კგ.) ავიდნენ.
იმის გათვალისწინებით, რომ ფიცარნაგზე კიდევ 5 ქართველი ძალოსანი უნდა გავიდეს, ნათელია, რომ აღნიშნული მონაგარი აუცილებლად გაიზრდება. აი, დარჩენილი ჩვენებურების ასპარეზობის განრიგი (დრო თბილისისაა):
26 ოქტომბერი, 18:00 საათი: ირაკლი ჩხეიძე 105 კგ.
27 ოქტომბერი, 11:00 საათი: ანასტასია გოტფრიდი 90 კგ.
27 ოქტომბერი, 13:00 საათი: დავით ხეცურიანი 105 კგ.
27 ოქტომბერი, 15:00 საათი: გიორგი ჩხეიძე +105 კგ.
27 ოქტომბერი, 15:00 საათი: ბაქარ თურმანიძე +105 კგ.


Comments (0)

Please log in to post a comment Log in Or Register

0.093026