როტერდამის „ფეიენოორდის“ თავდამსხმელი რობინ ვან პერსი საფეხბურთო კარიერის დასრულებას გეგმავს. როგორც ვეტერანმა ჰოლანდიელმა განაცხადა, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ბუცებს ლურსმანზე დაკიდებს.
„სეზონის ბოლოს ალბათ კარიერას დავასრულებ. 36 წლის ვიქნები და პროფესიონალურ ფეხბურთში 18 წელი გავატარე. ფეხბურთში კი 5 წლიდან ვარ“, - აღნიშნა ვან პერსიმ.
ჰოლანდიელმა საფეხბურთო კარიერა „ფეიენოორდში“ დაიწყო. სხვა და სხვა დროს ითამაშა „არსენალის“, „მანჩესტერისა“ და „ფენერბახჩეს“ რიგებშიც. მშობლიურ „ფეიენოორდს“ კი გასულ ზაფხულს დაუბრუნდა.
ვან პერსიმ ჰოლანდიის ნაკრებში 102 თამაში ჩაატარა და 50 გოლის გატანა მოახერხა.