ბუენოს აირესში დასრულებულ მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს დელეგაციას პირველი მედალი ტყვიის მსროლელმა ნინო ხუციბერიძემ მოუტანა – 10-მეტრიან დისტანციაზე მესამეზე გავიდა.
მისი გამოსვლის შესახებ აზრს გვიზიარებს არგენტინაში მისიის ხელმძღვანელი, ტყვიის სროლაში ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი და საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე.
“მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე პირველი მედალი ტყვიის მსროლელმა ნინო ხუციბერიძემ მოიპოვა, ვინც მეოთხე შედეგით შევიდა ფინალში და საბოლოოდ მესამეზე გავიდა, თუმცა დამენანა მისი ბრინჯაო.
ინდოელი სპორტსმენი ძალიან ძლიერი იყო და გაიმარჯვა კიდეც. რუსი იანა ენინა არა უშავს სპორტსმენია. ის მსოფლიოს ჩემპიონატზე ფინალში ვერ შევიდა, ლიზი კილაძემ გამოაგდო, არგენტინაში კი ხუციბერიძემ, პრაქტიკულად, აჩუქა ვერცხლის მედალი. ბოლო ორი გასროლის წინ ის ლიდერობდა, მაგრამ 8-იანში გაარტყა და ენინასთან 0.1 ქულით წააგო.
თუმცა მისი გამოსვლით მაინც კმაყოფილები ვართ, რადგან ტყვიის სროლა ისტორიაში პირველად გამოვიდა ამ თამაშებში, დებიუტი კი მედლით დაგვირგვინდა. თან მან გახსნა საქართველოს გუნდის მონაგარი და ამასთან, პირველი გოგო იყო საქართველოდან, ვინც ამ თამაშებზე მედალი მოიპოვა – წინა ორ თამაშებში მხოლოდ ბიჭებს ჰქონდათ მედლები და ახლა, არგენტინაშიც დანარჩენი მედალოსნები ბიჭები არიან.
საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური