საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ახალ პრეზიდენტად გიორგი ათაბეგაშვილის აირჩიეს, რომელიც ორგანიზაციას მომავალი 2 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
შეგახსენებთ, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც უწინდელმა ხელმძღვანელმა დავით ქევხიშვილმა თანამდებობა ძიუდოისტთა აქციების ფონზე დატოვა.
ქევხიშვილი პოსტის მაძიებელთა შორის ამჯერადაც გახლდათ, თუმცა, დავით ხახუტაშვილის, დავით ხახალეიშვილისა და გიორგი ალექსიძის მსგავსად, კანდიდატურა მოხსნა.
საბოლოოდ, არჩევნებისთვის ერთადერთი კანდიდატურა – გიორგი ათაბეგაშვილი დარჩა, რომელსაც სასტუმრო “ბილტმორში“ გამართული საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის რიგგარეშე საარჩევნო ყრილობის დამსწრე 41 დელეგატიდან მხარი 40-მა დაუჭირა (სულ ყრილობაზე მიწვეული იყო 46 დელეგატი).
ცნობისთვის, ქევხიშვილის პრეზიდენტობის დროს, ათაბეგაშვილი საქართველოს ძიუდოს ფედერაციის გენერალურ მდივნად მუშაობდა.
ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ვიცე-პრეზიდენტების პოტზე ცეზარ ჩოჩელი, ზაქრო კევლიშვილი, ზაზა გულდიანი, თენგიზ ხუბულური და თამაზ ნავერიანი დაასახელა.
გენერალური მდივნის პოსტი, რომელსაც აქამდე ათაბეგაშვილი იკავებდა, ვაკანტური დარჩა და ეს საკითხი მოგვიანებით აღმასკომის სხდომაზე გადაწყდება. ყრილობამ დაამტკიცა აღმასრულებელი კომიტეტის ახალი შემადგენლობა.
ყრილობას ესწრებოდა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის მარიუს ვიზერის მიერ მოვლინებული დამკვირვებელი მიშელ უეტი, რომელმაც თავად გადათვალა საარჩევნო ბიულეტენები და ყრილობის ჩატარებას დადებითი შეფასება მისცა.