კალათბურთი

11:15 | 24.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას 2 ქულა და გამარჯვება "ფილადელფიასთან"

ზაზა ფაჩულიას "დეტროიტ პისტონსმა" შინ "ფილადელფია" 133:132 (VIDEO) დაამარცხა. ზაზა პარკეტზე სათადარიგოთა სკამიდან შევიდა. სულ 17 წუთი და 16 წამი ითამაშა და ამ დროში 2 ქულა, 6 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ზაზამ 2-დან ერთი ორქულიანი ჩააგდო.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს ძალიან მაგარი და დაძაბული შეხვედრა გამოვიდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ ანგარიშით წინ ძირითადად "ფილადელფია" იყო. ძირითადი დრო 120:120 დასრულდა. დამატებით 5-წუთეულში ზაზამ ითამაშა, თანაც საკმაოდ აქტიური გახლდათ. მატჩის დასრულებამდე 2 წამით ადრე ბლეიკ გრიფინმა 2-ქულიანი ჩააგდო და თან საჯარიმო სროლის უფლებაც მოიპოვა, ისიც ზუსტად გამოიყენა და გუნდი დააწინაურა. შეხვედრის ბოლო წამზე ემბიდიმ სამქულიანი ისროლა, ფაჩულიამ ჯოელისთვის ხელის შეშლა მოახერხა და "ფილადელფიელების" ცენტრს სიზუსტემ უმტყუნა.

საოცარი შედეგი დააფიქსირა ბლეიკ გრიფინმა, რომელმაც გუნდს 50 ქულა, 14 მოხსნა და 6 პასი შესძინა. "ფილადელფიაში" ემბიდი 33 ქულით, 11 მოხსნით და 7 პასით გამოირჩა.

"დეტროიტმა" ზედიზედ სამი შეხვედრა მოიგო და აღმოსალეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა. მომდევნო მატჩში მიჩიგანელები შინ "კლივლენდ კავალიერსს" დაუპირისპირდებიან, შეხვედრა 26 ოქტომბერს თბილისის დროით 03:00 საათზე გაიმართება.

0.134281