“მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის მატჩში სტუმრად „შახტართან“ გამარჯვების შემდეგ (3:0), თავისი ფეხბურთელები შეაქო და აღნიშნა, რომ სატურნირო სიტუაცია ახლა კვლავ მათ ხელშია.
„3:0 სტუმრად შესანიშნავი შედეგია. ჩინებულად გამოვიყურებოდით, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. ბიჭებმა თავი არ დაზოგეს. უამრავი საგოლე მომენტი შექმნეს. შესვენების შემდეგ „შახტარმა“ წნეხის ქვეშ მოგვაქცია და სიტუაციის კონტროლი იოლი აღარ იყო, თუმცა, როგორც კი ბურთს ვიბრუნებდით, მაშინვე ვამწვავებდით თამაშს.
პირველ ტურში „ლიონთან“ დავმარცხდით, მაგრამ „ჰოფენჰაიმთან“ და „შახტართან“ გამარჯვებებით ვითარება გამოვასწორეთ. ახლა ყველაფერი ისევ ჩვენს ხელთაა.“ - უთხრა გვარდიოლამ უეფას ოფიციალური გვერდის ჟურნალისტებს.
სამი ტურის შემდეგ F ჯგუფს 6 ქულით „სიტი“ ლიდერობს. მეორე ადგილზე ხუთქულიანი „ლიონია.“ „ჰოფენჰაიმმა“ და „შახტარმა“ კი 2-2 ქულა მოაგროვეს.