საქართველოში საფეხბურთო სეზონი ნელ-ნელა დასასრულისკენ მიდის. ეროვნული ლიგის შესახებ გუშინ გესაუბრეთ და ახლა, ეროვნულ ლიგა 2-ზეც ვთქვათ.
რვა ტურია დარჩენილი სეზონის დასრულებამდე, მაგრამ უკვე შეგვიძლია იმის პროგნოზირება თუ ვინ დაწინაურდება ეროვნულ ლიგაში - „დინამო“ ბათუმი.
ასე იქნება თუ სასწაული არ მოხდა. თავად განსაჯეთ, 28-ე ტურისთვის აჭარელთა აქტივში 58 ქულაა და მეორე ადგილოსან „ვიტ ჯორჯიას“ 12 ქულით უსწრებს. ალბათ, სადაო არაა ის საკითხი, რომ ეს საკმაო უპირატესობაა, თანაც იმის ფონზე, რომ მხოლოდ 8 ტური დარჩა. „დინამომ“ მთელი სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა და წარუმატებელი სტარტის შემდეგ ძალიან მოუმატა. გია გეგუჩაძის გუნდი ახლოსაა მიზანთან და ეროვნულ ლიგას ბათუმიც შეემატება. ეს ქალაქი ნამდვილად იმსახურებს დიდ ფეხბურთს.
აი, თუ პირველი ადგილის ბედი პრაქტიკულად გარკვეულია, დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი მეორე-მესამე ადგილებისთვის, რომელიც პლეი-ოფში თამაშის საშუალებაა და შესაბამისად, ეროვნულ ლიგაში დაწინაურების შანსს იძლევა.
„ვიტ ჯორჯია“, „გაგრა“, „ნორჩი დინამო“, „თელავი“ - ეს ოთხი გუნდი აცხადებს პრეტენზიას ორი ადგილისთვის. ამ დროისთვის, „ვეტერინარები“ და „გაგრა“ უკეთეს ვითარებაში არიან, მაგრამ სამქულიანი უპირატესობა არაფრის გარანტია არაა. თანაც, მთელი ერთი წრე ჯერ კიდევ წინაა და ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს.
ამ ეტაპზე ასე ჩანს: ერთადერთი „შევარდენია“ ის გუნდი, რომელსაც არც გავარდნა ემუქრება და არც პლეი-ოფში მოხვედრის დიდი შანსი აქვს. ყოველშემთხვევაში, თბილისელთა აქტივში 36 ქულაა (-10 პლეი-ოფთან, +8 პლეი-აუტთან) და ცხრილის შუაში დამაჯერებლად იმყოფება.
4 გუნდი კი ეროვნულ ლიგა 2-ში დასარჩენად გააფრთებით იბრძვის. „ცხინვალი“, „მერანი“, „შუქურა“ და „სამგურალი“ - გვინდა თუ არა, ერთ-ერთს მოუწევს ლიგის დატოვება. ხსენებულ გუნდებს შორის განსხვავება მინიმუმალურია, ოდენ 3 ქულა.
ამ დროისთვის წამგებიან პოზიციაში „სამგურალია“, ხოლო ყველაზე მომგებიან სიტუაციაში „ცხინვალი“. აი, მარტვილის „მერანი“ და ქობულეთის „შუქურა“ პლეი-აუტის ზონაში არიან. ინტრიგა დიდია ეროვნულ ლიგა 2-ში და არანაკლები, ვიდრე ეროვნულ ლიგაში.
ცალკეულ სტატისტიკაზეც: ბომბარდირთა დავას გამოკვეთლი ლიდერი ჰყავს - ჯოვინო ფლამარიონი, რომელსაც „დინამოს“ მაისურით უკვე 20 გოლი აქვს გატანილი. ბრაზილიელს დიდი წვლილი მიუძღვის ზღვისპირელთა წარმატებულ სეზონში. მას 4 გოლით ჩამორჩება „გაგრას“ გოლეადორი რატი ცაცკრიალაშვილი, ხოლო მესამე პოზიცია იაგო დეისაძეს უკავია. თუმცა, ჩამორჩენა დიდია, რადგან მხოლოდ 11 გოლი აქვს გატანილი.
სამაგიეროდ, საგოლე პასების მხრივ დაძაბული ვითარებაა: ვასილ გოგოლიძეს („თელავი“), იაგო დეისაძეს („დინამო“), დავით ოდიკაძეს („შევარდენი“), რატი ცაცკრიალაშვილს („გაგრა“) და გიორგი ჩელებაძეს („შუქურა“) 6-6 შედეგიანი გადაცემა აქვთ მოხვეჭილი.
რაც შეეხებათ მეკარეებს - „დინამო“ ბათუმი აქაც ლიდერია, რადგან მიხეილ ალავიძეს უკვე 17 მშრალი მატჩი აქვს ჩატარებული. ეს ჩინებული შედეგია (26 მატჩიდან). მერე მოდის „ვიტ ჯორჯიას“ კარის დარაჯი ჯონი შეროზია (11 მშრალი თამაში) და სამეულს ლუკა სანიკიძე ასრულებს „თელავიდან“ (9 მატჩი).
აქვე, უხალოესი ტურის შესახებ, რომელიც სამ დღეზეა გაწერილი:
ტურის ცენტრალური მატჩი მცხეთაში შედგება, სადაც „ვიტ ჯორჯია“ „დინამოს“ მიიღებს და შეიძლება ითქვას, პირველ ადგილზე გასვლის ბოლო შანსს მოეჭიდება. თავის მხრივ, გეგუჩაძის გუნდი თუ გაიმარჯვებს, უდიდეს ნაბიჯს გადადგამს ეროვნული ლიგისკენ.
სხვა მატჩებიც არაა ინტერეს მოკლებული: განსაკუთრებით, „ცხინვალისა“ და ქობულეთის „შუქურას“ დაპირისპირება. როგორც უკვე ზემოთ მოგახსენეთ, ორივე დარჩენისთვის იბრძვის და თამამად შეგვიძლია ამ თამაშს 6-ქულიანი მატჩი ვუწოდოთ.
მომდევნო ტური
25 ოქტომბერი
„სამგურალი“ – „გაგრა“
„შევარდენი“ – „ნორჩი დინამო“
26 ოქტომბერი
„ვიტ ჯორჯია“ – „დინამო“ ბათუმი
„თელავი“ – „მერანი“
29 ოქტომბერი
„შუქურა“ – „ცხინვალი“