ესპანეთის პატარა ქალაქ ბრუნეტეში (10 ათასამდე მცხოვრები), რომელსაც დედაქალაქ მადრიდიდან სულ რაღაც 24 კილომეტრი აშორებს, ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ქუჩა გაიხსნა.
შეგახსენებთ, რომ შერაზადიშვილი უკვე წლებია პირენეელთა ღირსებას იცავს, წლეულს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე კი პირველი ესპანელი ვაჟი ძიუდოისტი გახდა, რომელმაც ოქროს მედლის მოპოვება მოახერხა.
საზეიმო ღონისძიებას, რომელიც ქალაქის კულტურის ცენტრში შედგა, ბრუნეტეს მერი ბორხა გუტიერესი უძღვებოდა, საპატიო სტუმართა შორის კი მსოფლიო პირველობის მონაწილე სხვა ესპანელი ძიუდოისტებიც (ფრან გარიგოსი, ტომას მორალესი, სარა როდრიგესი, ლაურა მარტინესი) იყვნენ.
“ამ ღონისძიებით ყველანი შესაბამის პატივს მივაგებთ ნიკოლოზ შერაზადიშვილს, რომელმაც ჩვენს ქალაქსა და სრულიად ესპანეთს დიდი წარმატება მოუტანა. ჩვენ წლების განმავლობაში თვალს ვადევნებდით ნიკოს პროგრესს, რაც ყველა სპორტსმენისთვის სამაგალითო უნდა იყოს”, - აღნიშნა გუტიერესმა.
ცნობისთვის, აღნიშნული შეხვედრა ბრუნეტეში შემთხვევით არ გამართულა. საქმე ის გახლავთ, რომ სწორედ ამ ქალაქში ფუნქციონირებს ხოაკინ (კინო) რუისის ძიუდოს სკოლა, სადაც ნიკოლოზი ოსტატობას იმაღლებდა.
რუისი, რომელსაც თავის დროზე მსოფლიოს პირველობაზე – ვერცხლის, ევროპაზე კი ოქრო მედალი აქვს მოპოვებული, შერაზადიშვილის პირადი მწვრთნელია და მისი ჩემპიონობით განსაკუთრებით გაიხარა.
რუისის სახელობის ქუჩა ბრუნეტეში უკვე არსებობს, ახლა კი, ამ პატარა ქალაქში მისი შეგირდის გვარიც გამოჩნდა: საინტერესოა, რომ სპეციალურ დაფაზე ნიკოლოზის გვარი შემოკლებულია და “ნიკო შერას ქუჩა” აწერია.