ჭიდაობა

16:31 | 22.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

იაკობიშვილი და ოდიკაძე ნახევარფინალში იჭიდავებენ
ხუციშვილი და მარსაგიშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ

დღეს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე თავისუფალი ჭიდაობაში დარჩენილი 2 წონით კატეგორიის წარმომადგელები ჩაებნენ და სასიხარულოა, რომ ორივე ქართველი ფალავანი ნახევარფინალში გავიდა.

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ზურაბ იაკობიშვილმა (70 კგ.) მერვედფინალში სლოვაკი ტაიმურაზ სალკაზანოვი 2:1 დაამარცხა, მეოთხედფინალში უზბეკ იხტიორ ნავრუზოვს 5:1 სძლია, ფინალის საგზურისთვის კი რუს მაგომედრასულ გაზიმაგომედოვს შეერკინება.
ნახევარფინალამდე ასევე 2 გამარჯვება იზეიმა ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ.). მან მერვედფინალში ვენესუელელ ხოსე დანიელ დიაზ რობერტის 10:0 მოუგო, მეოთხედფინალში კი აზერბაიჯანელ ასლანბეკ ალბოროვს დრამატულ შერკინებაში აჯობა – 4:3. ოდიკაძის მომდევნო მეტოქე რუსი აბდულრაშიდ სადულაევი იქნება.
დღესვე, რეპეშაჟში იყოჩაღეს და ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლის უფლება მიიღეს დავით ხუციშვილმა (79 კგ.) და დავით მარსაგიშვილმა (92 კგ.).
შეგახსენებთ, რომ ხუციშვილმა საწყის რაუნდებში ანგოლელ ფრანსისკო დე დეუს კადიმასა (12:0) და თურქ აიჰან სუჯუს (5:0) სძლია, მეოთხედფინალი კი მომავალ ფინალისტ – ამერიკელ კაილ დუგლას დეიკთან დათმო – 0:11. სანუგეშო რაუნდში დავითმა გერმანელ მარტინ ობსტს 10:0 მოუგო და ახლა, რუს ახმედ გაჯიმაგომედოვს დაუპირისპირდება.
მარსაგიშვილი მერვედფინალში მომავალ ფინალისტ ჯ’დენ მაიკლ ტბორი კოქსთან 2:6 დამარცხდა, რეპეშაჟში კი მოლდოველ ნიკოლაი ჩებანს 8:0 სძლია და ბრინჯაოს მედლისთვის ძალებს ირანელ ალირეზა მოჰამად კარიმიმაჩიანისთან მოსინჯავს.

0.121637