ჭიდაობა

10:20 | 22.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

გენო პეტრიაშვილი: "ეს ოქრო საქართველოსთვის დაღუპული გმირების ხსოვნას ეძღვნება”

"რამდენი ხანია სპორტში ვარ და ქართველი სპორტსმენის მონაწილეობით ფინალური ბრძოლა ასე მშვიდად არასოდეს მიყურებია” – მითხრა საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მძიმე წონის ფინალის დასრულების შემდეგ. გენო პეტრიაშვილმა ჩინელი დენგი ისე დაამარცხა, წარმატების იოტესოდენა შანსიც კი არ მიუცია.

24 წლის გორელი მძიმეწონოსნის საჩემპიონო ბრძოლას ბუდაპეშტში, მთავარი არენის გვერდით მდებარე მოჭიდავეთა მოსათელ დარბაზში, მონიტორზე ვუყურე, საქართველოსა და უცხოეთის ბევრი ნაკრების სამწვრთნელო და სამედიცინო შტაბების წევრებთან და მოჭიდავეებთან ერთად. არც ქართველს და არც არაქართველს ერთი წამითაც არ შეჰპარვიათ ეჭვი, რომ გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ზედიზედ მეორედ ავიდოდა. მან ხომ უნგრულ ხალიჩაზე მთავარი საქმე მედლების გათამაშებამდე ერთი დღით ადრე გააკეთა, ფინალში გასვლით.

125 კილოგრამი წონითი კატეგორიის მოჭიდავეები წილისყრამ სატურნირო ბადეში ისე გადაანაწილა, ერთ მხარეს მოხვდა გენო და საპრიზო სამეულში მოხვედრის ყველა სხვა ფავორიტი. ბადის მეორე მხარეს კი გაცილებით სუსტმა სპორტსმენებმა მოიყარეს თავი და მას შემდეგ, რაც პეტრიაშვილმა ნახევარფინალში ირანელ მეტოქეს აჯობა, გულში ყველამ წინასწარ ვიზეიმეთ ჩემპიონობა, ოღონდ ამაზე გენოსთან მაინც არავინ საუბრობდა.

ჩინელის ძლევის შემდეგ, მოსათელ დარბაზში დაბრუნებულ ჩემპიონს უმალ მიმლოცველების რიგი დაუდგა. საიდანღაც უცხოელმა ჟურნალისტებმაც შემოაღწიეს მათთვის აკრძალულ ზონაში და პეტრიაშვილის კომენტარითაც გაიხარეს. ცოტა ხანში კი გენოსთვის ოქროს მედლის მისალოცად დარბაზში ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების პრეზიდენტი ნენად ლალოვიჩი გამოჩნდა. ბუდაპეშტურ მსოფლიოს პირველობაზე თავისუფალ ჭიდაობაში უკვე მედლების ოთხი კომპლექტი გათამაშდა, მაგრამ ლალოვიჩისგან ამგვარი დაფასება ოთხი ჩემპიონიდან მხოლოდ გენო პეტრიაშვილს ერგო.

სასტუმროში დაბრუნებულ ჩემპიონს მისაღებ ოთახში დაახლოებით 30 ქართველი დახვდა. მათ შორის დედა, რომელსაც ჯერ კიდევ გენოს მოსვლამდე გადასცა სპორტსმენის პირადმა მწვრთნელმა ნუგზარ სხირელმა ოქროს მედალი და საჩემპიონო ქამარი.

"ეს ჯილდო მარტო ჩემი არაა. ის მთელ ჩემ ქვეყანას ეკუთვნის. ყველა გულშემატკივარს და ყველა იმ გმირის ხსოვნას, რომლებმაც საქართველოსთვის სიცოცხლე გაწირეს – განაცხადა მსოფლიოს უძლიერესმა მძიმეწონოსანმა.

ოთარ მაღლაკელიძე ბუდაპეშტიდან

0.117715