ჭიდაობა

23:45 | 21.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

პეტრიაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა!

ქართველმა მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა (125 კგ.) შარშან პარიზში მოპოვებული მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნება მოახერხა.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა მორიგ წარმატებას უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ტურნირზე მიაღწია.
გენოს უმთავრესი მეტოქე, თურქი ტაჰა აკგული, რომელსაც ჩვენებურმა გასული წლის ფინალში სძლია, ამჯერად მეოთხედფინალში დამარცხდა, ქართველ ფალავანს კი თავისი უპირატესობა ეჭვქვეშ ერთხელაც არ დაუყენებია.
პეტრიაშვილმა მერვედფინალში უნგრელ დანიელ ლიგეტის იოლად – 11:1 აჯობა, მეოთხედფინალში რუს ანზორ ხიზრიევს 8:5 სძლია, ნახევარფინალში კი ირანელ პარვიზ ხოდავირდი ჰადიბასმანჯს 13:6 მოუგო.
ფინალში გენოს პირისპირ ჩინელი ჟივეი დენგი დადგა, თუმცა, ჩვენებურს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია. ქართველმა ფალავანმა აზიელს აუღელვებლად – 6:0 სძლია.
ამგვარად, გენომ 2018 წლის მსოფლიო პირველობაზე ავთანდილ კენჭაძის (74 კგ.) მიერ მოპოვებულ ვერცხლის მედალს ოქრო წაამატა, ხვალ კი, კვარცხლბეკზე ასვლის შანსი კიდევ ორ ჩვენებურს აქვს.
დავით ხუციშვილი (79 კგ.) რეპეშაჟში გერმანელ მარტინ ობსტს გაეჯიბრება და თუკი იმარჯვა, ბრინჯაოს მედლისთვის რუს ახმედ გაჯიმაგომედოვს შეეცილება. დათო მარსაგიშვილი (92 კგ.) რეპეშაჟში ძალებს მოლდოველ ჩებანთან მოსინჯავს, წარმატების შემთხვევაში კი, ირანელ ალირეზა კარიმიმაჩიანთან ჭიდილი ელის.
22 ოქტომბერსვე საქმეში დარჩენილი 2 წონითი კატეგორიის წარმომადგენლებიც ჩაებმებიან. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ.) მერვედფინალში სლოვაკ ტაიმურაზ სალკაზანოვსა და ირანელ იონეს ემამიჩოგაეის შორის უმჯობესს გაეჯიბრება, ხოლო ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ.) ვენესუელელი ხოსე დიაზ რობერტისა და ინდოელი მაუსამ ხატრის ჭიდილში გამარჯვებულს დაელოდება.

0.121175