თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” ესპანეთის ჩემპიონატში დამაჯერებელი გამარჯვება იზემა. ბასკურმა კლუბმა “მურსიას” შანსი არ დაუტოვა და 93:49 გაანადგურა.
ქართველი კალათბურთელი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მხოლოდ 15:15 წუთი გაატარა, რაც თამაშის მიმდინარეობით იყო გამოწვეული.
უკვე შესვენებისთვის “ბასკონია” 28 ქულით იგებდა, ამდენად, მასპინძელთა თავკაც პედრო მარტინესს თოკო აღარ დაუტვირთავს, არადა, ჩვენებური ჩინებულ მაჩვენებლებზე გადიოდა.
აღნიშნულ დროში შენგელიამ 6-დან 3 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო და 14 ქულას 1 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა.
ქართველმა მძიმე ფორვარდმა ბურთი ერთხელ დაკარგა, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთბაშად 7-ჯერ დაირღვა.
შედეგად, შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 21-ს გაუტოლდა და ის მხოლოდ ფრანგ ვინსენ პუარეს (26) ჩამორჩა, რომელმაც 17 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
“ბასკონიას” ხუთ ტურში 4 მოგება მოუგროვდა და გიორგი შერმადინის “უნიკახასთან” ერთად მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს. თორნიკეს გუნდს მომდევნო შეხვედრა 28 ოქტომბერს, სტუმრად, “ესტუდიანესთან” ელის.