ბლოგი

19:25 | 21.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

კაცი იმპერატორის ყურსუკან

დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის არსებობის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრები რომელიმე ჯგუფიდან (მნიშვნელობა არა აქვს დონესა და რეალობას) გავიდა და თან ეს პირველი ადგილით მოახერხა. შთამბეჭდავია ევროპის ერთა ლიგის პირველი ოთხი მატჩის შედეგებიც. ოთხი გამარჯვების გარდა ხომ ისე მოხდა, რომ ჩვენს გუნდს ჯერ საკუთარ კარში გოლი არ გაუშვია (იმედია კიდევ კარგა ხანი ვისიამოვნებთ ამ სტატისტიკით) და მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეები საშუალოზე დაბალი კლასისანი იყვნენ, ყველანაირი გამარჯვება სასიხარულოა და განსაკუთრებით სასიხარულოა ჩვენთვის, ვინც ასე ძალიან ვართ ფეხბურთში ნებისმიერ წარმატებას დანატრებულნი და დახარბებულნი.

ევროპის ჩემპიონატზე გასვლის საკითხი ცხადია ჯერ კვლავ სათუოა, რადგან წინ მინიმუმ ორ ჩვენი დონის გუნდთან მოგვიწევს შერკინება, მაგრამ საქართველოში სულსწრაფობა როგორც წესი კვლავ ჩვეულებრივი ამბავია და საქმეში ჩაუხედავი კაცი შეიძლება გაოგნდეს კიდეც, ნაკრებისა და მისი სლოვაკი მწვრთნელის მიმართ ისეთი დითირამბები გაისმის. “ჩვენი ლომები“, “ქართული ფეხბურთის საუკეთესო დრო“, “ნეტა ვინ შეგვხვდება ევროპის ჩემპიონატზე?“, “ვაისი საქართველოს გმირია“ - აი ასეთი აბსურდული ფრაზები გაისმის ყველგან და შეუძლებელია პროტესტი არ გაგიჩნდეს მსგავსი დამოკიდებულები მიმართ, რადგან ამ სიტყვებს ამბობს ის ხალხი, რომლებიც ჯერ კიდევ გუშინ საკუთარ თავში დარწმუნებით ამბობდნენ, რომ საქართველოს ნაკრები უნდა გაუქმებულიყო და ეროვნულ სტადიონზე ბალახის ნაცვლად, სიმინდის ყანა უნდა გაშენებულიყო.

მიუხედავად ნერონის, კალიგულას, ჰელიოგაბალის და მსგავსი ნაგიჟრების გაიმპერატორებისა, რომის იმპერიას ბევრი დიდი მმართველი ყავდა და მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო იმპერატორი და ფილოსოფოსი მარკუს ავრელიუსი, რომელმაც დაწერა წიგნი, რომელიც ვფიქრობ ნებისმიერ მმართველს ჩვენს დროშიც კი ძალიან გამადგებოდა წიგნების კითხვა რომ უყვარდეთ. მარკუს ავრელიუსის დროინდელ რომის იმპერია მაშინდელი მსოფლიოს უდიდეს ნაწილს მოიცავდა და მიუხედავად ამ გრანდიოზულობისა, იმპერატორს დაქირავებული ყავდა ადამიანი, რომელიც მუდამ ავრელიუსის უკან იჯდა და ამ კაცს ერთადერთი ფუნქცია ქონდა - საკმარისი იყო შეეტყო, რომ მმართველს ძალაუფლება “გაუტკბა“ და საკუთარი წარმატებების ხიბლში ვარდება, მიჩოჩდებოდა მარკუსის ყურთან და ერთადერთ წინადადებას ჩასჩურჩულებდა: “იმპერატორო, გახსოვდეს, რომ ამ ქვეყნად ყველაფერი წარმავალია და შენც მოკვდავი ხარ!“. აი ეს ფრაზა აბრუნებდა დიდ მმართველს მიწაზე და ხვდებოდა, რომ ზედმეტი სიხარული, ზეიმი და ტაშის კვრა აბსურდული და არაფრის მომცემი იყო.

ჩვენს დროში არანაირად არ გვჭირდება რომის იმპერიისთანა მმართველობა და იმპერატორი ხომ საერთოდ არას გვარგია. მაგრამ ქართველებს მარკუს ავრელიუსის ყურში მოჩურჩულე კაცი კი ნამდვილად ძალიან გამოგვადგებოდა, რადგან შორიდან შეხედვითაც და მით უმეტეს ახლოდანაც ძალზედ ცუდი და უხერხული დასანახია წინასწარ მოზეიმე ადამიანები, რომლებიც ამ მცირე (თუმცა ნამდვილად დასაფასებელ) წარმატებას ლამის დიდგორის ველზე გამარჯვებად რაცხენ. ეს ხალხი მზადაა ანდორასთან მომგები ნაკრები ყველა დროის საუკეთესო ქართულ გუნდად გამოაცხადოს.

მოდით იმედი დავიტოვოთ, რომ ეს აჟიოტაჟი და ქებათა-ქების კორიანტელი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებზე საბოლოო ჯამში მაინც ვერ მოახდენს უარყოფით გავლენას და ეს ბიჭები აგვისრულებენ ყველა ქართველი ქომაგის უდიდეს ოცნებას. მანამდე კი ბევრი შრომა, ვარჯიში, მზადება და რაც მთავარია სწორად განსჯა გვჭირდება!

0.113074