ევროლიგის მე-3 ტურში თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის “ბასკონია” მადრიდის “რეალს” ესტუმრა და 79:97 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ მე-3 მეოთხედის დასრულებამდე ორიოდ წუთით ადრე, ანგარიში საყაიმო (65:65) იყო, თუმცა, დარჩენილ დროში მასპინძლებმა გაილაღეს.
შენგელია სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და მოედანზე 23:04 წუთი გაატარა. თორნიკემ 9-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და 9 ქულას 3 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
ქართველმა კალათბურთელმა ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, მეტოქეებს თამაშის წესების დარღვევა 3-ჯერ აიძულა, თავად კი სათადარიგოთა სკამზე 5 პერსონალური ფოლის მიღების მერე გადაინაცვლა.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულ ამერიკელ კალათბურთელ მეტ ჯენინგს, მან 27:10 წუთში 10 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.
ჯენინგმა 4-დან 2 ორქულიანი და 6-დან 2 სამქულიანი გამოიყენა, 1 შეცდომა დაუშვა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ.
“ბასკონიას” 1 მოგება და 2 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 25 ოქტომბერს, სტუმრად, მიუნხენის “ბაიერნთან” გამართავს.