სხვა

14:37 | 18.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

შეხვედრა ოლიმპიურ სოფელში

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ოლიმპიურ სოფელში შეხვდა ჩვენი ქვეყნის ოლიმპიური დელეგაციის წევრებს, რომლებმაც ბუენოს აირესში მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა 1 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი და ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელი ნინო სალუქვაძე, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი და საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური.

სეოკ-ის პრეზიდენტმა წარმატებული გამოსვლა მიულოცა ჩვენს სპორტსმენებს და მწვრთნელებს, მადლობა გადაუხადა მათ მოსამზადებელ პერიოდში და უშუალოდ ოლიმპიადაზე გაწეული შრომისთვის, რაც ასეთი კარგი შედეგით დაგვირგვინდა. როგორც ხაბელოვმა აღნიშნა, ჩვენმა ოლიმპიურმა დელეგაციამ წარმატებით შეასრულა თავისი მისია ბუენოს აირესში და ღირსეულად წარმოადგინა ჩვენი ქვეყანა უმნიშვნელოვანეს ახალგაზრდულ სპორტულ ფორუმზე.

"ყველა პარამეტრით, ქართული სპორტისთვის ეს არის წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ჩვენ გვყავდა უფრო მეტი ლიცენზიანტი სპორტსმენი და მეტ სახეობაში, ვიდრე წინა ოლიმპიადებზე. ჩვენ მოვიპოვეთ უფრო მეტი და მაღალი ხარისხის მედალი, ვიდრე წინა ორ ოლიმპიადაზე ერთად აღებული. ჩვენ გვყავს ახალგაზრდული თამაშების პირველი ოლიმპიური ჩემპიონი და პირველად ავაჟღერეთ საქართველოს ჰიმნი. ჩვენ ასევე პირველად მოვიპოვეთ ოლიმპიური ლიცენზია სათამაშო სახეობაში და გადავლახეთ ჯგუფური ეტაპი. ჩვენ საგრძნობლად დავწინაურდით საერთო გუნდურ ჩათვლაში და საერთაშორისო ოლიმპიურ მოძრაობაში ჩართულ 206 ქვეყანას შორის 37-ე ადგილი გვიკავია,"- განაცხადა ლერი ხაბელოვმა. მან ჩვენს ოლიმპიელებს სამახსოვო საჩუქრები გადასცა.

ქართველ სპორტსმენთაგან არგენტინაში პირველი მედალი - ბრინჯაოსი - აიღო ტყვიის მსროლელმა ნინო ხუციბერიძემ. იმავე დღეს ვერცხლის მედლები მოიპოვეს ძიუდოისტმა ილია სულამანიძემ და ძალოსანმა არჩილ მალაყმაძემ. ამას მოჰყვა ჩვენი მოჭიდავეების - გიორგი ჩხიკვაძის, გიორგი თოხაძის და გიორგი გეგელაშვილის ოქროსა და ვერცხლის ჯილდოები.

შეგახსენებთ წინა ორი თამაშების შედეგებს. 2010 წელს სინგაპურში გამართულ პირველ ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე საქართველოს 1 ბრინჯაოს მედალი და გუნდური 84-ე ადგილი ერგო. 2014 წელს ჩინეთის ქალაქ ნანძინში ჩატარებულ მეორე ოლიმპიადაზე 2 ვერცხლისა და 1 ბრიჯაოს მედლით საერთო ჩათვლაში 58-ე ადგილზე გავედით.

www.geonoc.org.ge

0.13188