ლატვიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მიქსუ პაატელაინენი მიიჩნევს, რომ მის გუნდსა და საქართველოს შორის დიდი სხვაობაა.
როგორც ფინელმა განაცხადა, უყვარს ის ფეხბურთი, რომელიც რიგაში მეტოქემ აჩვენა:
„კლასში ძალიან დიდი სხვაობა იყო, ეს ნათელია. საქართველოს შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს, რომლებსაც ერთი შეხებით თამაში არ უჭირთ და შესაძლებლობისთანავე საგოლე მომენტებს ქმნიან. ზუსტად ასეთი ფეხბურთი მიყვარს! შუახაზში ცუდად ვითამაშეთ, პირველი-ორი გოლი შეცდომებით გავუშვით, მესამე - კონტრშეტევაზე.
ეს მტკივნეული საღამო იყო, მაგრამ პოზიტიური ძვრებიც ჩანს. დავინახე, რომ გუნდი უფრო სწრაფად მოქმედებს. რა თქმა უნდა, არ ვართ ახლოს იმასთან, რაც გვინდა, მაგრამ პროგრესია თამაშიდან თამაშამდე“, - განაცხადა პაატელაინენმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ნახევარფინალის საგზური D დივიზიონიდან პირველმა მოიპოვა. „ჯვაროსნები“ ქვეჯგუფს ოთხი ტურის შემდეგ 12 ქულით ლიდერობენ, 9 გოლი გაიტანეს და არცერთი არ გაუშვიათ.