ქართულმა საჭადრაკო კლუბმა “ნონამ” ბერძნულ ჰალკიდიკიში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფში ასპარეზობა პირველ ადგილზე დაასრულა და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში “ნონა” კიევის საჭადრაკო ფედერაციის გუნდს (უკრაინა) დაუზავდა. ლელა ჯავახიშვილმა (2475) იულია ოსმაკს (2405) სძლია, სალომე მელია (2387) ინა გაპონენკოსთან (2409) დამარცხდა, ნანა ძაგნიძე (2509) მარია მუზიჩუკს (2533) დაუზავდა, ნინო ბაციაშვილი (2482) კი – ნატალია ჟუკოვას (2403).
შედეგად, ქართულმა კლუბმა ხუთ ტურში 9 ქულა მოაგროვა და A ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა, მეორე კი რუსული “უგრა” იყო 8 ქულით.
ნახევარფინალში, რომელიც 17 ოქტომბერს შედგება, “ნონა” B ჯგუფის მეორეადგილოსან – რუსულ SSHOR-ს გაეჯიბრება. ამ გუნდის ღირსებას ანასტასია ბოდნარუკი (2423), ევგენია ოვოდი (2363), დინა ბელენკაია (2329), ალინა ბალაიანი (2238) და ელენა სემიონოვა (2263) იცავენ.
ფინალის მე-2 საგზურისთვის “მონტე კარლო” და ხსენებული “უგრა” იბრძოლებენ.