ფეხბურთი

20:10 | 16.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ერთა ლიგა - ყაზახეთის პირველი გამარჯვება

ტრადიცია მეოთხე ტურში დაირღვა. ერთა ლიგის D დივიზიონის პირველ ჯგუფში გამარჯვებული იმ მატჩშიც გამოვლინდა, რომელშიც საქართველო არ იღებდა მონაწილეობას. მოგეხსენებათ, აქამდე, სამი ტური ისე მიილია, რომ მხოლოდ „ჯვაროსნები“ ახერხებდნენ სამი ქულის მითვლას, დანარჩენი მატჩები კი ფრედ სრულდებოდა.

თუმცა, მეოთხე ტურში ნავსი ყაზახეთმა გატეხა. სტანიმირ სტოილოვის გუნდმა ასტანაში, ანდორა გაანადგურა - 4:0. მასპინძელთა უპირატესობა მეტოქეზე აშკარა იყო და ანგარიშიც ლოგიკურია.

ამრიგად, ყაზახეთს 4 ტურის თავზე 5 ქულა აქვს და მეორე ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო ანდორას 2 ქულა დარჩა და ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსიც დაკარგა.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, 9 ქულით ლიდერია და მეოთხე ტურის შეხვედრას სულ ცოტა ხანში ლატვიასთან ჩაატარებს. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ყაზახეთი - ანდორა 4:0 (2:0)

გოლები: 1:0 სეიდახჰმეტი (21), 2:0 ტურისბეკი (39), 3:0 გომესი (61, ა.გ), 4:0 მურტაზაიევი (74)

0.112061