პოპულარულმა საკალათბურთო პორტალმა Eurobasket.com 19 წლის ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე ადრიატიკის ლიგის მე-3 ტურის ხუთ საუკეთესო მოთამაშეს შორის დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ ბითაძის “მეგა ბემაქსმა” გასულ ტურში ზაგრებში “ცედევიტას” 95:86 სძლია, ჩვენებური კი მატჩის უძვირფასესი კალათბურთელი გახდა.
გოგა სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 30:52 წუთში 16 ქულა, 13 მოხსნა (3 შეტევაში), 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
ბითაძემ 12-დან 7 ორქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა, ბურთი არ დაუკარგავს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, გოგას სარგებლიანობის კოეფიციენტი 24-ს გაუტოლდა და ეს, შეხვედრის საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
Eurobasket.com-მა ბითაძე ტურის რჩეულთა შორის მე-5 ადგილზე განამწესა, მის წინ კი, დრაგან აპიჩი (ფმპ), ტომისლავ ზუბჩიჩი (“იგოკეა”), ნემანია ვრანიეში (“მორნარ ბარი”) და ლუკა ბოჟიჩი (“ზადარი”) აღმოჩნდნენ.
ამ დროისთვის ბითაძე საშუალო 18.0 ქულით ბომბარდირთა შორის მე-4 ადგილზეა, მოხსნებში (10.7) პირველია, დაფარებებში (1.3) კი – მე-7. საინტერესოა ისიც, რომ გოგა ფაქტობრივად მუდმივად ხვდება ABA Fantasy Dream Team-ში.
“მეგა ბემაქსს” ადრიატიკის ლიგის 3 ტურის თავზე მაქსიმალური შედეგი აქვს და სატურნირო ცხრილს ბელგრადის “ცრვენა ზვეზდასთან” ერთად ლიდერობს, მომდევნო მატჩს კი 19 ოქტომბერს, შინ, სლოვენიურ “ოლიმპიასთან” გამართავს.