ფეხბურთი

15:37 | 16.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერა რიგაში: ფილმი ალექსანდრე ჩივაძეზე

15 ოქტომბერს საღამოს რიგაში, "დაუგავას" სტადიონის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა ცნობილი ქართველი კინორეჟისორის, საერთაშორისი კინოფესტივალების ლაურეატის გოგი თორაძის დოკუმენტური ფილმის "ფეხბურთის პროფესორის" საჯარო ჩვენება, რომელიც ეძღვნება ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელს ალექსანდრე ჩივაძეს.

ფილმში უნიკალურ საარქივო ფოტო და კინო მასალაზე დაყრდნობით გადმოცემულია ჩივაძის კარიერა და ცხოვრება, ფილმში ჩივაძეზე თავის აზრს გამოთქვამენ ფეხბურთის ვარსკვლავები მურთაზ ხურცილავა, ფრანც ბეკენბაუერი, ბობი ჩარლტონი, კარლოს ალბერტო,კარლ-ჰაინც რუმენიგე და სხვები. ფილმი გადაღებულია 2015-16 წლებში.

ფილმის ჩვენების ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი თენგიზ პაჭკორია, ლატვიის ფეხბურთის ფედერაცია (პროექტის კურატორი ვიქტორს სოპირინსი) საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით. საჯარო ჩვენებას დაესწრნენ ლატვიელი და ქართველი ჟურნალისტები, ადგილობრივი ფეხბურთის ვეტერანები, ლატვიის ფეხბურთის ფედერაციის და ლატვიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები, რიგაში მცხოვრები ქართველი ფეხბურთელი ალექსანდრე რეხვიაშვილი, ლატვიაში ქართველთა საზოგადოება "სამშობლოს" გამგეობის წევრი, ცნობილი კარატისტი იმედი კოკაია.
ჩვენების წინ ლატვიის ფეხბურთის ფედერაციის პრეს-ატაშემ ვიქტორს სოპირინსმა აღნიშნა, რომ ლატვიაში ძალიან დიდი პატივისცემით იხსენებენ სახელოვან ქართველ ფეხბურთელებს, რომლებმაც მეოცე საუკუნეში დიდი ავტორიტეტი მოუტანეს საქართველოს.

"ბატონ ალექსანდრე ჩივაძეს დიდი დამსახურება აქვს ფეხბურთში,ის დღესაც ძალიან პოპულარულიაა ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ლატვიაში. 14 ოქტომბერს ლატვიის ნაკრების მწვრთნელთა შტაბიის წევრებმა უყურეს ამ ფილმს და ვერ მალავდნენ აღფრთოვანებას, ჩვენ ვიხილეთ უნიკალური კადრები ლეგენდარულ ფეხბურთელსა და ქართული ფეხბურთის სახელოვან ისტორიაზე", - განაცხადა სოპირინსმა.
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა თენგიზ პაჭკორიამ გააცნო დამსწრე საზოგადოებას გოგი თორაძის შემოქმედებითი ბიოგრაფია, ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ თორაძე არის 30 მეტი დოკუმენტური, სატელევიზიო, მოკლემეტრაჟიანი და მხატვრული ფილმების ავტორი, მათ შორის 15 ფილმი სპორტის თემაზე: ტრილოგია "ჩვენი ფეხბურთი", "ოვალური ბურთი" ("რაგბი"), "ქართული კალათბურთი", ფილმები "კომენტატორი" (კოტე მახარაძეზე), "სნაიპერი" (ოლიმპიურ ჩემპიონზე ნინო სალუქვაზე), "ლაპარაკობს და აჩვენებს თბილისი" და ა.შ.
"ფილმი "ფეხბურთის პროფესორი" სპეციალისტების აზრით არის ერთ ერთი საუკეთესო დოკუმენტური პორტრეტი ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელზე, შექმნილია ამ ფილმის სამენოვანი ვარიანტი - ქართული, ინგლისური და რუსული", - აღნიშნა პაჭკორიამ.
ფილმის ჩვენებამ დამსწრეთა დიდი ემოციები და მოწონება გამოიწვია. ეს აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას გამოჩენილმა ლატვიელმა საფეხბურთო მსაჯმა, ფეხბურთის დიდმა სპეციალისტმა და მოღვაწემ 85-წლის მიკელის რუბენისმა (მან 1964 წელს ტაშკენტში იმსაჯა ისტორიული მატჩი თბილისის "დინამოს" და მოსკოვის "ტორპედოს" გუნდებს შორის).

"ქართული ფეხბურთი ყოველთვის გამოირჩებოდა თავისი ორიგინალობით, სილამაზით და იმპროვიზაციით,რომელიც უყვარდათ მთელ მსოფლიოში, ალექსანდრე ჩივაძე კი იყო მსოფლიო დონის ვარსკლავი", - განაცხადა რუბენისმა.
ცნობილმა ლატვიელმა ფეხბურთელმა და მწვრთნელთა ალექსანდრე სტარკოვსმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ "ფილმი ჩივაძეზე იყო ძალიან თბილი და ემოციური". "რეჟისორმა გოგი თორაძემ სულ სხვა , ორიგინალურ ჭრილში დაგვანახა ფილმის გმირი და ფეხბურთის ლეგენდა".
ჩვენებაზე სიტყვით გამოვიდა ლატვიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი ინგა ფალიანი-დიტრიხი. მან ხაზი გაუსვა ჩივაძის დამსახურებებს ფეხბურთის წინაშე და აღნიშნა, რომ ამ შესანიშნავმა ფილმმა გაახსენა ქართული ფეხბურთის უდიდესი წარმატებები.
პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ ფილმის ჩვენების მიზანია ქართული ფეხბურთის ისტორიის პოპულარიზაცია, საქართველოსა და ლატვიას შორის ურთიერთობის განვითარება კულტურისა და სპორტის სფეროში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12154