სხვა

14:47 | 15.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

დღეს – თანამედროვე ხუთჭიდი, ხვალ – 3X3-ზე კალათბურთი

არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში გრძელდება ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები. 15 ოქტომბერს საერთაშორისო შერეულ წყვილთა შეჯიბრებაში უნგრელ მიშელე გულიასთან – ამ თამაშების ბრინჯაოს პრიზიორთან ერთად გამოვა თანამედროვე ხუთჭიდელი გაგა ხიჯაკაძე, რომელმაც ინდივიდუალურ ტურნირში 1 047 ქულით მე-19 ადგილი დაიკავა.

16 ოქტომბერს საქართველოს 3X3-ზე კალათბურთელთა ნაკრები მეოთხედფინალში ოლიმპიადის მასპინძელ არგენტინას დაუპირისპირდება. ეს მატჩი თბილისის დროით 23:15 საათზე დაიწყება და, სავარაუდოდ, 5 ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრება.
შეგახსენებთ, რომ ქართული დელეგაციის ანგარიშზე უკვე 6 მედალია: 1 ოქრო, 4 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.
არგენტინაში სულ სამმა ქართველმა მოჭიდავემ იასპარეზა და სამივემ მედალი აიღო: გიორგი ჩხიკვაძემ საქართველოს პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ოქრო მოუტანა, გიორგი გეგელაშვილი და გიორგი თოხაძე კი ვერცხლს დაეუფლნენ.
გარდა მოჭიდავეებისა, ოლიმპიადის პრიზიორები გახდნენ ძიუდოისტი ილია სულამანიძე (ვერცხლი), ძალოსანი არჩილ მალაყმაძე (ვერცხლი) და ტყვიის მსროლელი ნინო ხუციბერიძე (ბრინჯაო).

0.118171