სხვა

23:57 | 14.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართული წყვილი გრან-პრის ფინალშია! (+VIDEO)

ქართული მოცეკვავე წყვილი მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას შემადგენლობით 2018 წლის გრან-პრის ფინალში მოხვდა. ამ ინფორმაციას საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, გრან-პრის გათამაშება ოლიმპიური თამაშების, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებთან ერთად, ის მაღალრეიტინგული საერთაშორისო ტურნირია, რომელიც 1997 წლიდან იუნიორთა და სენიორთა კატეგორიებში საერთაშორისო საციგურაო კავშირის მიერ ტარდება და მასში მსოფლიოს ყველაზე სახელოვანი მოციგურავეები მონაწილეობენ.
იუნიორთა კატეგორიაში გრან-პრის სერია შვიდ ეტაპს მოიცავდა და ის მიმდინარე წლის აგვისტოდან სლოვაკეთში, ავსტრიაში, ლიტვაში, კანადაში, ჩეხეთში, სლოვენიასა და სომხეთში ჩატარდა. დასკვნითი შეჯიბრი ერევანში გუშინ დასრულდა.
მოცეკვავე წყვილების ტურნირში სულ 65 წყვილი იყო ჩართული, რომლებიც გრან-პრის ფინალური ნაწილის 6 საგზურის მოსაპოვებლად იბრძოდნენ. ქართულმა წყვილმა ძალები ორ ეტაპზე სცადა – ოსტრავასა და ერევანში.
მარია კაზაკოვამა და გიორგი რევიამ სექტემბერში ჩეხეთში გამართულ ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავეს და ერევნის ეტაპის წინ, ფინალში გასასვლელად საკმაოდ კარგი შანსიც ჰქონდათ, თუმცა, გაჯიბრება საკმაოდ ტიტულოვან წყვილებთან მოუწიათ რუსეთიდან, კანადიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ბელორუსიდან, ესტონეთიდან და უკრაინიდან.
საბოლოოდ, ქართველმა მოციგურავეებმა 164.65 ქულით მეორე ადგილი და ვერცხლის მედლები დაიმსახურეს და ორივე ეტაპის ჯამური შედეგით (318.52 ქულა) საუკეთესო ექვსეულში მოხვდნენ. ამგვარად, მათ გრან-პრის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვეს, რომელიც 6-9 დეკემბერს კანადის ქალაქ ვანკუვერში გაიმართება.
ქართული წყვილისთვის ეს ისტორიული შედეგია, ფინალში კი, მათთან ერთად იასპარეზებენ 3 წყვილი რუსეთიდან, ერთი – კანადიდან და ერთი – აშშ-დან.
“ვულოცავთ მარიამსა და გიორგის გრან-პრის ფინალის საგზურის მოპოვებას. ეს შედეგი მათი მონდომების, მიზანსწრაფულობის, მწვრთნელებისა და ქორეოგრაფების, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის მთლიანი გუნდის ერთობლივი დამსახურებაა.
გუნდურობისა და მხარდაჭერის ეს განცდა სპორტსმენებისათვის არის ის დამატებითი მოტივაცია, რომელიც მომავალი სტარტების წინ მათთვის მნიშვნელოვანი სტიმულია” - აღნიშნა ტურნირის დასასრულს ერევანში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მარიამ გიორგობიანმა.

0.155735