სხვა

17:47 | 14.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

IOC ბუენოს აირესის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებით კმაყოფილია

მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელი დირექტორის კრისტოფერ დუბის განცხადებით, ბუენოს აირესის თამაშების ორგანიზატორებმა მომავალი ასეთივე ასპარეზობის მასპინძლებს არაერთი მისაბაძი მაგალითი მისცეს.

IOC-ის მაღალჩინოსანი ბუენოს აირესი-2018-ის მუშაობით მეტად კმაყოფილია, თუმცა იქვე ორგანიზატორებს აფრთხილებს, რომ თამაშების მეორე ნახევარში არ მოდუნდნენ და წარმატებული სვლა გააგრძელონ.

კრისტოფერ დუბისთვის „სასიამოვნო პრობლემა" აღმოჩნდა სხვადასხვა საშეჯიბრო არენებთან დამდგარი რიგები, რადგანაც თამაშებზე დასწრების სურვილი უამრავმა ადამიანმა გამოთქვა.

მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მასპინძელთა გადაწყვეტილებით, ასპარეზობებზე დასასწრებად ბილეთები არ გაყიდულა და გულშემატკივარს თავისუფალი დასწრება შესთავაზეს. მას შემდეგ, რაც არენებზე შესასვლელი სამაჯურების რაოდენობამ 600 ათასს მიაღწია, ორგანიზატორებმა მათი გაცემა შეწყვიტეს, რადგან საქმე დიდ რიგებამდე მიდიოდა.

დუბის თქმით, ბუენოს აირესის თამაშების გახსნის ცერემონიის გათვალისწინებით, ერთი კვირის თავზე ამ ასპარეზობებს 500 ათასი ადამიანი დაესწრო.

www.geonoc.org.ge

0.111489